მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მარკო ჯურიჩს შეხვდა
ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბ კოლეგასთან მარკო ჯურიჩთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკა.
ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.