საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“

„ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის“ მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა.

„ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“ დაარეგულირებს ვენახების გაშენების, პროდუქციის ეტიკეტირების, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებისა და აღრიცხვიანობის წესებს.

ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით გაზრდილია ინტერესი მევენახეობა-მეღვინეობის დარგისადმი, რაც გამოიხატება ახალი ვენახების ინტენსიურ გაშენებაში.

აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, ვენახი გაშენებულია შესაბამისი მევენახეობის ზონების და ქვეზონებისთვის არანებადართული ჯიშებისგან ან არასერტიფიცირებულ სანერგეში გამოყვანილი ნერგებით, რაც შემდგომში იწვევს როგორც ყურძნის წარმოების/რეალიზაციის პრობლემას, ასევე, პრობლემას ქმნის ღვინის წარმოებაში.

ახალი რეგულაცია ითვალისწინებს სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გაიზარდა გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად ყურძნის მოსავლიანობა, ცვლილების თანახმად, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმელის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელი წარმოებული უნდა იყოს მხოლოდ ამ ღვინის ან/და სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან.

ცვლილება ასევე განსაზღვრავს ღვინის ყველა კომპანიისთვის მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა-შეტყობინების მოთხოვნების შესრულებას.

კანონპროექტი მისაღებად გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. კანონპროექტი მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები