ირაკლი კირცხალია: ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამსჭვალული ძალების მიზანია, ჩვენი ქვეყანა პროქსი სახელმწიფო გახდეს, ისინი ყველასთან, ვინც მათი გავლენის ქვეშ არ არის, საუბრობენ შანტაჟის ენით – არასდროს არავის გავლენის ქვეშ არ ვიქნებით
ბატონი ფიშერი არის ადამიანი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ვენის კონვენცია. ის, რაც მან ჩვენს ქვეყანაში აკეთა, ღიად, თავხედურად შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, სუვერენიტეტს, ეს განცხადება კიდევ ერთხელ შეურაცხმყოფელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა გერმანიის ელჩის ინტერვიუს, სადაც პეტერ ფიშერმა თქვა, რომ საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან.
„ანუ, ყველას ყველაფერი გველანდება, რა იცის ქართველმა ხალხმა რა არის სიმართლე და ასე პირდაპირ ეთერში ამბობს სიცრუეს. რა არის ევროკავშირის მიდგომა გაფართოების კუთხით და როდის გეგმავს ევროკავშირი გაფართოებას, ყველასთვის ცნობილია. ჩვენ გაწერილი გვაქვს გეგმა. არასდროს გადაგვიხვევია იმ გზისთვის, რომელიც ავირჩიეთ. ჩვენ ამ გზას მივყვებით და მივყვებით ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალური დაცვით“, – აღნიშნა კირცხალიამ.
კითხვაზე – გაქვთ მოლოდინი, რომ ევროკომისია უვიზო მიმოსვლის ბერკეტის გამოყენებას შეეცდება? – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასე უპასუხა:
„ამაზე საუბარს იწყებენ ის ვიწროპოლიტიკური ინტერესებით გამსჭვალული ძალები ევროკავშირში, რომელთა პირდაპირი მიზანია ჩვენი ქვეყანა პროქსი სახელმწიფო გახდეს. გარდა მათი ამ განცხადებებისა, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ამაზე საუბარი დაიწყოს. ისინი ყველასთან საუბრობენ შანტაჟის ენით, ვინც მათი სრული გავლენის ქვეშ არ არის. ჩვენ არასდროს ვიქნებით არავის გავლენის ქვეშ. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გავლენის ქვეშ ვიქნებით. ასე რომ, გამორიცხულია, რომ ვინმემ ქართველი ხალხი დააშანტაჟოს.
საბედნიეროდ, ბატონი ფიშერი და მისი მომხრეები ნაცმოძრაობაში ვერავის ვერაფერს არწმუნებენ და ეს არჩევნებიდან არჩევნებზე ჩანს, თუ როგორ არწმუნებენ ფიშერები და მისნაირები ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა კირცხალიამ.