მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ არასდროს შეგვშინებია, მიგვეწოდებინა რეალური ინფორმაცია პარტნიორებისთვის, მაგრამ ასეთი აღქმა მაქვს, რომ გარკვეული შიშებია ქართულ მხარესთან საუბრის და რეალური ინფორმაციის მიღების

ჩვენ არასდროს შეგვშინებია, მიგვეწოდებინა რეალური ინფორმაცია პარტნიორებისთვის, მაგრამ ასეთი აღქმა მაქვს, რომ გარკვეული შიშებია ქართულ მხარესთან საუბრის და რეალური ინფორმაციის მიღების, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ანალოგიურად განვითარდა მოვლენები კანონების მიღების დროსაც, ისმოდა ბევრი წუხილი, საქართველოს ხელისუფლება გამოხატავდა მზაობას დიალოგისთვის, თუმცა გაწვდილი ხელი არავინ მიიღო.

„თუკი ეს საინტერესო თემები იყო ევროკავშირის მხარისთვის, თუკი ეს ყველაფერი მათ აინტერესებდათ, ეს დიალოგი შედგებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, მე მაქვს ასეთი აღქმა, რომ არის გარკვეული შიშები ქართულ მხარესთან საუბრის და რეალური ინფორმაციის მიღების.

ჩვენ არასდროს შეგვშინებია, მიგვეწოდებინა რეალური ინფორმაცია, მაგრამ მაშინ, როდესაც მე მეუბნებოდნენ, იცით რა, საერთოდ არ გვინახავს ძალადობრივი აქცია, არ გვინახავს შეტევა პარლამენტის შენობაზე, არ გვინახავს შეტევა, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის სასახლეზე, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, როდესაც ასეთია პოზიცია, რაზე ვსაუბრობთ, არის იქ რეალურად ინტერესი, რომ რეალური სურათი დაინახოს ვინმემ?! ესეც კარგი მაგალითი იქნებოდა ჩვენთვის, ევროკავშირის მხარეს რეალურად არსებობს თუ არ არსებობს სურვილი და ინტერესი იმისა, რომ თუკი ასეთი წუხილები არის მათი მხრიდან საქართველოში გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით, მიეღოთ ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამა თუ იმ მიმართულებებზე და ურთიერთობებზე ჩვენს ქვეყანაში. ასეთი მზაობის დასტური ჩვენ ვერ ვნახეთ. ეს შეხვედრა ნამდვილად იქნებოდა, თუმცა ასეთი ვერ ვნახეთ.

ასე იყო კანონებთან დაკავშირებითაც, მოხდა კანონის ბრენდირება, რომ ეს არის რუსული კანონი, მოვისმინეთ ძალიან ბევრი წუხილი. ძალიან ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენ ვართ ღია იმისათვის, რომ ვისაუბროთ ყველასთან, ვისაც აქვს ეს წუხილები, მაგრამ არავინ  არ მიიღო გაწვდილი ხელი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები