მაკა ბოჭორიშვილი: 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მზად ევროკავშირის წევრობისთვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გადაცემა „დღის თემაში“ საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ორმხრივი პროცესია, რომლის წარმატება დამოკიდებულია როგორც კანდიდატი ქვეყნების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, ისე ევროკავშირის პოლიტიკური ნებაზე.

„ჩვენ თუ დავიჯერებთ, რომ ევროკავშირს სურს ნამდვილად გაფართოება , რა თქმა უნდა, მან ეს უნდა დაამტკიცოს გაფართოების პოლიტიკის რეალობად ქცევით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ კონტექსტში მინისტრმა ბალკანეთის ქვეყნების ხანგრძლივ გაწევრიანების პროცესზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც, მისი თქმით, ჯერ კიდევ ვერ მოიტანა შედეგი. თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და გაფართოების თემატიკა ინტენსიურად დაბრუნდა ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში:

„ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა, განსაკუთრებით აქტუალურია გაფართოების საკითხი. თუ 2020 წლამდე ეს ფაქტობრივად ჩაკეტილი თემა იყო ევროკავშირისთვის და ვერც ახსენებდი ევროკავშირის გაფართოებას, დღეს ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება რეალობად ქცევა. ეს ყველაფერი დღეს და ხვალ რეალობად, როგორც ჩანს, არ იქცევა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა „დღის თემაში“ უკრაინის ომის შედეგად ევროპაში შეცვლილ პოლიტიკურ და ემოციურ განწყობებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ომის გამო, გაძლიერებულია მიდგომა, რომ „უკრაინა, როგორც ყველაზე დაზარალებული ქვეყანა, უნდა იყოს ის ქვეყანა, რომელიც პირველი შევა გაფართოების ტალღით ევროკავშირში“.

ამასთან, ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაწევრიანებაზე რეალური და პრაქტიკული მოლაპარაკებების დაწყებისას, შეიძლება წარმოიშვას არაერთი ახალი ფაქტორი, რასაც საქართველო სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს.

„როდესაც ომი დასრულდება და როდესაც რეალურად იქნება ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი, ბევრი სხვა ფაქტორი შემოვა დღის წესრიგში და ჩვენ ამისთვის აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად. 2030 წელი ყველაზე ხშირად გაჟღერებული თარიღია ევროკავშირის გაფართოების შემდგომი ტალღისთვის და როდესაც 2030 წელი მოვა, საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირის წევრობისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები