ირაკლი კობახიძე – კვალიფიციური კადრების დეფიციტია ყველა მიმართულებით, შესაბამისად, თუ უმაღლესი განათლების რეფორმა არ გატარდა, დავრჩებით იქ, სადაც ვართ, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დააზღვიოს საკუთარი მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები

კვალიფიციური კადრების დეფიციტია ყველა მიმართულებით, შესაბამისად, თუ უმაღლესი განათლების რეფორმა არ გატარდა, დავრჩებით იქ, სადაც ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დააზღვიოს საკუთარი მოქალაქეები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები.

„დეფიციტი არის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ტექნიკური მიმართულებები – მშენებლები, არქიტექტორები, ინჟინრები, გეოლოგები. სახელმწიფოსაც აქვს ეს პრობლემა იმიტომ, რომ სახელმწიფო შესყიდვებს აცხადებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სერიოზული პრობლემებია, მათ შორის, ხარისხის კუთხით, ვინაიდან არ გვყავს კვალიფიციური კადრები ბევრი მიმართულებით, კადრების დეფიციტია ყველა მიმართულებით. შესაბამისად, თუ უმაღლესი განათლების რეფორმა არ გატარდა, დავრჩებით იქ, სადაც ვართ. დღეს, საუბარი იყო იმაზე, რომ პარტიამ უნდა უკარნახოს, თითქოს, ვინ რა უნდა ასწავლოს და როგორ უნდა ასწავლოს. დღეს, პარტია არაფერ შუაში არ არის და არავინ არაფერს არ კარნახობს. შესაბამისად, გვაქვს ის სურათი, რაც გვაქვს. ჭარბად ვუშვებთ იურისტებს და ეკონომისტებს ორმაგი და სამმაგი რაოდენობით, კვლევა ჩატარდა პარლამენტის ეკონომიკურ კომიტეტში – სამმაგი, ოთხმაგი და ხუთმაგი აცდენაა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ხუთმაგი აცდენა რომ გაქვს, მაგალითად იურისტების შემთხვევაში, წინასწარ წირავ 80%-ს სტუდენტებისა დაუსაქმებლობისთვის. და არავინ კარნახობს არავის. მაგრამ სახელმწიფოს ინტერესი ხომ სახელმწიფომ უნდა უკარნახოს სისტემას და რატომ უნდა გაწიროს სახელმწიფომ იურისტი სტუდენტების 80 % დაუსაქმებლობისთვის თავისი სპეციალობით, თუ შეუძლია, რომ არ გაწიროს. მარტივად არის საქმე. სწორედ, ამისათვის არსებობს ხარისხის მართვის სისტემა, ეს არ არის კარნახი. არსებობს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც ამოდის, რა თქმა უნდა, ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემის ამოცანებიდან და ამოდის სახელმწიფო ამოცანებიდან, ეს ასე უნდა იყოს ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში ასეა. ყველა ქვეყანა პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ სტუდენტი მიიღებს ხარისხიან განათლებას და სტუდენტი იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სამუშაო ადგილით, როდესაც დაამთავრებს უნივერსიტეტს. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დააზღვიოს საკუთარი მოქალაქეები, მით უმეტეს ახალგაზრდები, სტუდენტები, არასწორი მიმართულებით პროცესების განვითარებისგან,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები