ირაკლი კობახიძე: ჩვენ არგუმენტებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა, განვსაზღვრეთ გამოწვევები, თუ ვერ ვთანხმდებით, მაშინ უნდა მოვისმინოთ განსხვავებული არგუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ჩვენს პოლიტიკურ საზოგადოებაში იმას, რომ მსჯელობა წარიმართება არა არგუმენტებით, არამედ ზოგადი განცხადებებით, მომავლისთვის კარგი იქნება, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ ხოლმე ყველა თემასთან დაკავშირებით

ჩვენ არგუმენტებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა, განვსაზღვრეთ გამოწვევები, თუ ვერ ვთანხმდებით, მაშინ უნდა მოვისმინოთ განსხვავებული არგუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ჩვენს პოლიტიკურ საზოგადოებაში იმას, რომ მსჯელობა წარიმართება არა არგუმენტებით, არამედ ზოგადი განცხადებებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მოუსმენია.

„ჩვენ დეტალურად განვსაზღვრეთ 7 გამოწვევა, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, თუ არსებობს შენიშვნები 7-დან რომელიმე გამოწვევასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი შენიშვნა ამ გამოწვევებთან დაკავშირებით. გამოწვევა რომ გამოწვევა არ არის, ეს დღეს არავის უთქვამს. არის 7 გამოწვევა და მე მგონია, რომ შვიდივე გამოწვევაზე ყველა ვთანხმდებით. და თუ ეს გამოწვევები არსებობს, თუ გვაქვს გამოწვევები მაგალითად კადრების, პროგრამების, სახელმძღვანელოების, ინფრასტრუქტურის კუთხით, რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ? და რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ეს წარმოვადგინეთ. მოვისმინეთ გარკვეული კრიტიკა, თუმცა ალტერნატიული ხედვა არავის წარმოუდგენია, თუნდაც ზოგად დონეზე. ჩვენ შეგვეძლო, დღეს მოგვესმინა განსხვავებული ხედვა, მაგალითად საკადრო პოლიტიკა ჩვენ ასე დავინახეთ, რომ ასე უნდა შეიცვალოს, შეიძლება, თქვენ გქონდეთ განსხვავებული აზრი, ან ინფრასტრუქტურის ნაწილში შეიძლება თქვენ გქონდეთ განსხვავებული ხედვა და ამაზეც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ. მაგალითად, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ სტუდენტების 85% უნდა დარჩეს თბილისში, შეიძლება ეს სჯობს, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე არგუმენტებით. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა, ახალი ფუნქცია შევძინოთ ქუთაისს და რუსთავს, ეს კარგია თუ ცუდია, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ არგუმენტებით. როდესაც ვამბობთ, რომ არ ვარგა, როდესაც არასრულ განაკვეთზე არის აკადემიური პერსონალის უდიდესი უმრავლესობა, იქნებ კარგია ეს, მაგრამ არგუმენტებით უნდა ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არგუმენტებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა, განვსაზღვრეთ გამოწვევები, 7 გამოწვევა და ამ გამოწვევების ფარგლებში ჩავშალეთ კონკრეტული ქვეპრობლემები. თუ ვერ ვთანხმდებით ამაზე, მაშინ უნდა მოვისმინოთ განსხვავებული არგუმენტები თითოეულ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ჩვენს საზოგადოებაში და პოლიტიკურ საზოგადოებაში იმას, რომ მსჯელობა წარიმართება არა არგუმენტებით, არამედ ზოგადი განცხადებებით. მომავლისთვის კარგი იქნება, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ ხოლმე ყველა თემასთან დაკავშირებით. მაგალითად, არის კონკრეტული გამოწვევა, პირობითად – საკადრო პოლიტიკა. თუ ვინმე სხვანაირად ხედავს, უნდა გვითხრას, რომ სხვანაირად ხედავს და იქნებ სხვანაირად გავაკეთოთ. მე ვისურვებდი, სამომავლოდ, თუნდაც ინტერპელაციის ან ნებისმიერი სხვა პროცედურის ფარგლებში ასე ვიმსჯელოთ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები