მარიამ ქვრივიშვილი: კატარი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სატრანსპორტო კავშირების, მარშრუტების და ლოგისტიკის სექტორში ინვესტიციების მიმართულებით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრ შეიხ მუჰამედ ალ თანისთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, რომელიც აზიასა და ევროპას შავი ზღვის გავლით აკავშირებს.
„კატარის ტრანსპორტის მინისტრთან ვისაუბრეთ შუა დერეფნის, როგორც აზიისა და ევროპის საკვანძო სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის როლზე დაკავშირებადობის თვალსაზრისით და მისი განვითარების პროცესში კოორდინირებულ საქმიანობაზე. კატარი ჩვენი მნიშვნელოვანია პარტნიორია და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სატრანსპორტო კავშირების, მარშრუტების და ლოგისტიკის სექტორში ინვესტიციების მიმართულებით”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის ტვირთნაკადების, ლოგისტიკისა და სერვისების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.
მეზღვაურთა და ზოგადად საზღვაო უსაფრთხოება, საზღვაო განათლების ამაღლება, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის ოპერაციები და ჰიდროგრაფია – მხარეთა შეფასებით, ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი პერსპექტივები და ამასთანავე მზაობა არსებობს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ჰიდროგრაფიული მომსახურებების მოდერნიზაცია ასევე მნიშვნელოვანია საკითხია და შესაბამისად, მიესალმება თანამშრომლობას კატარის ჰიდროგრაფიულ ცენტრსა და საზღვაო ძალებთან.
„საქართველო დაინტერესებულია კატართან თანამშრომლობით სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორებში, ამ კუთხით კატარი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, საზღვაო სფეროში თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის შედეგიანი იქნება, განსაკუთრებით შავი ზღვის ტვირთნაკადების ზრდის თვალსაზრისით, რაშიც შუა დერეფანი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.