კემბრიჯის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანის ტვინი განვითარების ხუთ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, რომელთა ძირითადი გარდამტეხი მომენტებია 9, 32, 66 და 83 წლის ასაკში,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
მეცნიერებმა გააანალიზეს 4000-მდე ადამიანის ტვინის სკანირების მონაცემები (ასაკი 0-დან 90 წლამდე) და დაადგინეს, რომ ტვინის არქიტექტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ფიქსირდება 9, 32, 66 და 83 წლის ასაკებში. ამ მონაცემებმა მკვლევრებს საშუალება მისცა განსაზღვრონ ტვინის განვითარების ხუთი ფაზა — ბავშვობა, მოზარდობა, ზრდასრულობა, ადრეული და გვიანი ასაკობრივი დაბერება.
კვლევის ავტორების განცხადებით, ყველაზე გამორჩეული გარდამტეხი წერტილი 32 წლის ასაკში იკვეთება, რაც ნიშნავს, რომ ტვინის „ზრდასრულ რეჟიმში“ სრულად გადასვლა უფრო გვიან ხდება, ვიდრე აქამდე ეგონათ. ამ ასაკში ტვინის კავშირები უფრო სტაბილურ სტრუქტურას იღებს და სრული ფუნქციური ორგანიზაცია ყალიბდება.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შედეგებს მნიშვნელოვანი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს – მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალურ პოლიტიკაში გადაწყვეტილებების დაგეგმვისთვის. მათი თქმით, აუცილებელია ტვინის განვითარების ეტაპების უკეთ გათვალისწინება როგორც მოზარდთა მხარდაჭერის, ისე ზრდასრულთა განათლებისა და კეთილდღეობის მიმართულებით.
კვლევის ავტორები გეგმავენ, მომავალში დეტალურად შეისწავლონ, რა ფაქტორები განაპირობებს ტვინის სტადიებს შორის გადასვლას და როგორ შეიძლება ეს ცოდნა საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შექმნაში გამოიყენონ.