ჩვენებები, რომელთა საფუძველზეც ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა – რას ჰყვება პროკურორი?

  ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში არსებულ მასალებზე, მოწმეთა ჩვენებეზე და საქმის გარემოებეზე ვრცელ კომენტარს აკეთებს პროკურორი ნინო აღლემაშვილი. როგორც აღლემაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას განაცხდა, ბრალდების მიერ სასამართლოს წინაშე წარდგენილმა მოწმეებმა, რომლებიც 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის სადგურში იმყოფებოდნენ, დეტალურად და ნათლად აღწერეს თუ როგორ მოხდა სამი ახალგაზრდას ლიკვიდაცია. პროკურორმა, ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის მიერ ამავე გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, რომ პროკურატურამ სასამართლოს რეალური მტკიცებულებები ვერ წარუდგინა, სიცრუე უწოდა და ველიჯანაშვილი ტყუილში დაადანაშაულა.
„ის, რასაც დღეს აცხადებს ადვოკატი და რასაც აცხადებდა სასამართლოში, არ იყო განპირობებული მტკიცებულებებით. დღეს ადვოკატი გამოთქმით იტყუება, ეთერში ამბობს, რომ თითქოს ჩვენ – პროკურატურას სასამართლოში არ მიგვიტანია მტკიცებულებები. მაშინ რა შეიძლება ვუწოდოთ 57 მოწმის ჩვენებას? სასამართლო პროცესზე ჩვენ მივიყვანეთ კუდ-ის თანამშრომელი, ალექსანდრე სუმბაძე, რომელმაც ნავთლუღის ავტოსადგურზე გიორგი დგებუაძის იგივე „მასტერას“ დავალებით სამი უიარაღო ადამიანი: შოთა გორგაძე, რომან სურმანიძე და მარად ართმელიძე ჩამოსვა. ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკვე ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ერთი და ორი ადამიანი არ აკვირდებოდა – როგორც ეს თქვენს ეთერში განაცხადა ადვოკატმა, ამ მოვლენებს უყურებდა არა მხოლოდ ტრისტან წითელაშვილი, არა მხოლოდ დაცვის თანამშრომელი, არა მხოლოდ ჯონი ჯოხარიძე – იმ უბნის ინსპექტორი, არამედ ამ მოვლენებს თვალყურს ადევნებდა ავტოსადგურის დარაჯი, რომელიც სხვა მოწმეების მსგავსად, ამ საქმეში აბსოლუტურად ობიექტური და ნეიტრალური ადამიანია. ასევე, ამ მოვლენებს თვალყურა ადევნებდა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი, რომელიც დღეს არის მკვდარი, მაგრამ მისმა მეუღლემ სსასამართლოში ჩვენება მისცა. ამ ადამიანმა განაცხადა, რომ მეუღლემ მოუყვა საკუთარი თვალით როგორ ნახა, ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდა კუთხეში რომ მიიმწყვდიეს და ჩაცხრილეს, ახალგაზრდები გარდაცვალებამდე ყვიროდნენ და შველას ითხოვდნენ.
გარდა ამისა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნათქვამია, რომ არა ერთ გარდაცვლილს, როგორც ადვოკატი ამბობს, არამედ სამივე გარდაცვლილს თავის არეში ჰქონდა ტყვიისგან მიყენებული ჭრილობა. ორ მათგანს – შოთა გორგაძეს და რომან სურმანიძეს ჰქონდა ჭრილობა თავში, ხოლო მარად ართმელიძეს ყელში ჰქონდა ჭრილობა მიბჯენით სროლის შედეგად. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ყველა ჭრილობის არხი ზევიდან ქვევით მიემართებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაცემის შემდეგ ესროლეს.
როდესაც დაცვის მხარე აპელირებს იმაზე რომ ეს იყო სპეცოპერაცია, იმ პირობებში, როდესაც ეს ახალგაზრდები შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ კუდ-ის თანამშრომლებს, ერთი ძალიან მნიშვნელობანი გარემოებაა დადგენილი ექსპერტიზის დასკვნით, – შოთა გორგაძეს ტანსაცმელზე მიბჯენის შედეგად ჰქონდა დატოვებული ნატყვიარი. თქვენ წარმოგიდგენიათ შოთა გორგაძე იდგა ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ისროდა ავტომატიდან და მას კუდ-ის თანმაშრომელი მიუახლოვდა, ავტომატის ლულა მიაბჯინა სხეულზე და ისე ესროლა საპასუხოდ. ასეთი აბსურდით და სისულელის მტკიცებით მოვიდა დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე, მაგრამ მართალი თქვა ბატონმა ადვოკატმა, ჩვენი ვალი იყო გვემტკიცებინა ამ ადამიანების დანაშაული და ჩვენ ეს სასამართლო პროცესზე დავადასტურეთ“, – განაცხადა ნინო აღლემაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები