ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ინჩონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას (IFEZ) ეწვია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაცია სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი ფიფია აზიის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ეკონომიკურ-ინოვაციურ ჰაბს, ინჩონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას (IFEZ) ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ტექნოლოგიური, ინოვაციური და ინდუსტრიული გამოცდილების გაზიარება და ამასთანავე, საერთაშორისო საგანმანათლებლო-კვლევითი თანამშრომლობის გაფართოება.

ქართული დელეგაცია შეხვდა IFEZ-ის ინოვაციებისა და ქალაქის ზრდის სტრატეგიის დეპარტამენტის სმარტ IT ოპერაციების ჯგუფის ასისტენტ დირექტორს, პროფესორ ლი სანგ ჰოს. მან სტუმრებს გააცნო IFEZ-ის განვითარების მოდელი, რომელიც მოიცავს ეკონომიკური ზონის ულტრათანამედროვე ციფრულ ინფრასტრუქტურას, ურბანულ დიზაინსა და სმარტ-მმართველობას. კორეულ მხარეს ასევე წარმოადგენდა ინჩონის უნივერსიტეტის კვლევისა და სამეწარმეო ფონდის პროფესორი, ინდუსტრიულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის ექსპერტი, დოქტორი სუნ დონგ იუ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში თარაშ პაპასკუა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მიხეილ თიგიშვილი.

IFEZ-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიზნით, ითანამშრომლონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (KIU) და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქთან (KUCA) განათლების, კვლევისა და ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს KIU-ს, ჩამოყალიბდეს რეგიონში წამყვან ინოვაციურ და სამეწარმეო ჰაბად. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამხრეთ კორეის მთავრობა მხარს უჭერს იმ საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, რომლებიც საგანმანათლებლო-ინდუსტრიული ჰაბების განვითარებას ითვალისწინებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, სამხრეთ კორეის ინჩონის თავისუფალი ეკონომიკური ზონა (IFEZ) 13, 000 ჰექტარზეა გაშენებული. ინჩონში მსოფლიოს წამყვანი მულტი ნაციონალური კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ, მათ შორისაა: ბიოტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინდუსტრია და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები