დიდ დიღომში, ფატმანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს, ამჯერად, დიდ დიღომში, ფატმანის ქუჩაზე ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აქამდე გრუნტიანი გზა არსებობდა, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემას ქმნიდა.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მოეწყო და მიწისქვეშ განთავსდა კომუნიკაციების ქსელი. 8 128 კვ.მ ფართობზე იგება ასფალტის საფარი. ძალიან ჭირდა გადაადგილება, არსებობდა გრუნტის გზა და წვიმიან ამინდებში მისი გამოყენება უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ფატმანის ქუჩაზე არსებული გრუნტიანი გზის ნაცვლად, მოქალაქეები გადაადგილებას უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გზაზე შეძლებენ.