ხამენეის გარდაცვალება და საერთაშორისო რეაქციები – რეგიონი ახალ რეალობაში

მსოფლიოს საერთაშორისო ლიდერები ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალებაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. თუმცა, მოწოდებები რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ყველა ქვეყანას, თითქმის, ერთნაირი აქვს. ზოგი ქვეყანა კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად დიპლომატიური გზების მნიშვნელობას ხაზგასმით ახსენებს,- აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედია წერს.

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა უზენაესი ლიდერის მკვლელობა შეაფასა, როგორც მუსლიმების, განსაკუთრებით შიიტების წინააღმდეგ ომის ღია გამოცხადება.

„ეს ტრაგიკული მოვლენა დღეს ისლამური სამყაროს წინაშე არსებული უდიდესი განსაცდელია“, – განაცხადა მან სამძიმრის გამოხატვის წერილში.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სამხედროებს ხამენეის ლიკვიდაცია მიულოცა.

„ის, ვინც ისრაელის განადგურებაზე იყო ორიენტირებული, განადგურებულია. სამართლიანობა აღსრულდა და ბოროტების ღერძმა სასიკვდილო დარტყმა განიცადა. ისრაელი სრული ძალით გააგრძელებს მოქმედებას”,- თქვა კაცმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

„ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის , აიათოლა ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა „ცინიკური“ იყო, რომელიც ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, სეიედ ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით, რაც ჩადენილი იყო ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით. ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეი დაამახსოვრდებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი პირადი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში და ისინი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე მიიყვანა”- ნათქვამია პუტინის მიერ ირანელ კოლეგასთან, მასუდ პეზეშკიანთან გაგზავნილ წერილში.

„ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება და მკაცრად გმობს მკვლელობას“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მხარეებს „სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ“ მოუწოდა.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ისრაელის თავდასხმები ირანზე და აშშ-ის სამხედრო ოპერაცია „უკანონო აგრესია“ და ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევა იყო.

რომის პაპმა ლეომ კი განაცხადა, რომ ის „ღრმა შეშფოთებით“ აკვირდება ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

“სტაბილურობა და მშვიდობა არ შენდება ორმხრივი მუქარით ან იარაღით… არამედ მხოლოდ გონივრული, გულწრფელი და პასუხისმგებლობიანი დიალოგით“, – განაცხადა პაპმა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, კვირას განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალება „ირანის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი“ იყო.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ კი აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი ბრიტანელი სამხედრო პერსონალისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ირანის მხრიდან „განურჩეველი თავდასხმებისგან“ იყო. BBC-სთან საუბრისას ჰილიმ განაცხადა, რომ ხამენეის გარდაცვალებას „არავინ გლოვობს“.

“ჰამასმა” განაცხადა, რომ გლოვობს ხამენეის გარდაცვალებას და მისი ლიკვიდაცია აშშ-ისრაელის „საშინელ“ თავდასხმად შეაფასა.

„მან ყველანაირი პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერა გაუწია ჩვენს ხალხს, ჩვენს საქმეს და ჩვენს წინააღმდეგობას“, – ნათქვამია პალესტინური დაჯგუფების განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, რომ ხამენეის გარდაცვალებით დამწუხრებულია და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.

იემენის ჰუსიტების პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ირანელ ხალხს „გულწრფელი სამძიმარი და ღრმა თანაგრძნობა“ გამოუცხადა.

„ეს საზარელი დანაშაული წარმოადგენს ყველა საერთაშორისო კანონისა და ნორმის უხეშ დარღვევას და ისლამურ ერზე უსამართლო თავდასხმას განასახიერებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო თავდასხმები შეაფასა, როგორც „აგრესიის უკანონო აქტი“.

„თავდასხმები წარმოადგენს აგრესიის სრულიად უკანონო აქტს და სუვერენიტეტის დარღვევის ყველაზე საზიზღარ ფორმას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შეჰბაზ შარიფის თქმით, ისლამაბადი მათი „მწუხარების“ წუთებში ირანელი ხალხის გვერდით დგას.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში შარიფმა სამძიმარი გამოთქვა „მისი უდიდებულესობა აიათოლა სეიედ ალი ხამენეის მოწამეობრივი სიკვდილის გამო“.

ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა, ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, დაგმო აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმები, რომლის შედეგადაც ირანის უზენაესი ლიდერი, ხამენეი დაიღუპა.

გავრცელებულ განცხადებაში კონგრესის პარტიამ განაცხადა, რომ „ერთმნიშვნელოვნად გმობს ირანის ლიდერის მიზანმიმართულ მკვლელობას, სამხედრო დარტყმის შედეგად, რომელიც განხორციელდა ომის ოფიციალური გამოცხადების გარეშე“.

ინდოეთის მთავრობას, რომელსაც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან კარგი ურთიერთობები აქვს, ხამენეის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობამ შაბათს შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის გამო, რადგან შეერთებულმა შტატებმა, ისრაელმა და ირანმა რაკეტები გაუშვეს.

მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ანვარ იბრაჰიმმა, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ის „უპირობოდ“ გმობს ხამენეის მკვლელობას და დასძენს, რომ ეს ქმედება რეგიონს „მძიმე და მდგრადი არასტაბილურობის ზღვარზე აყენებს“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირანის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა და საზოგადოებას სულიერი ლიდერის გარდაცვალების გამო თანადგომა გამოუცხადა. ალიევმა ხამენეის ირანის სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა უწოდა.

ასევე, საქართველოს მთავრობა აიათოლა ხამენეის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ირანელ ხალხს უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

როგორც washingtonpost წერს, შესაძლოა, ტრამპთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების გაფუჭების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილის გამო, ბევრმა ქვეყანამ პირდაპირ ან მიზანმიმართულად არ გააკეთა კომენტარი ერთობლივი დარტყმების შესახებ, თუმცა დაგმო თეირანის საპასუხო ქმედება. მედიის ცნობით, სხვა მთავრობებმა გააკრიტიკეს ირანის დარტყმები არაბ მეზობლებზე, ხოლო აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ქმედებებზე დუმდნენ.

ამასთან, სპარსეთის ყურის ექვსი სახელმწიფოს უმაღლესმა დიპლომატებმა მოუწოდეს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები მათ ტერიტორიებზე, რაც, მათი თქმით, არღვევს მათ სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მოუწოდეს შეერთებულ შტატებსა და ირანს მოლაპარაკებების განახლებისკენ და განაცხადეს, რომ ისინი მოლაპარაკებების გზით მოგვარების მომხრენი არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები