მედია: ლიბანი “ჰეზბოლას” სამხედრო საქმიანობას კრძალავს

ლიბანის მთავრობამ “ჰეზბოლას” შეიარაღებული საქმიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალამმა განაცხადა.

როგორც “ბიბისი” აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება მოძრაობის ავტორიტეტისთვის (დაფუძნებიდან დღემდე) ერთ-ერთ ყველაზე აშკარა გამოწვევად ითვლება.

მედიის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი “ჰეზბოლას” მიერ ისრაელის მიმართულებით ორშაბათს რაკეტების გაშვებას მოჰყვა, რაც სახელმწიფოსთან კონსულტაციის გარეშე განხორციელდა.

პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა და პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა ეს ქმედება ლიბანის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასეს და დაჯგუფება გააფრთხილეს, რომ ეს ქვეყანას უფრო ფართო ომში ჩათრევის რისკს შეუქმნიდა და ისრაელს შურისძიების საბაბს მისცემდა.

პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მისი განცხადებით, ლიბანი რეგიონული სამხედრო დაპირისპირების არენად არ უნდა იქცეს.

ცნობისთვის, “ჰეზბოლა” რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც ირანის ერთგულია. ისლამურმა რესპუბლიკამ, ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, მის დაფინანსებაზე, წვრთნასა და აღჭურვაზე ათწლეულების განმავლობაში მილიარდობით დოლარი დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები