„იაპონიისგან მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციასთან ერთად იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფუმიო კიშიდას შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის განვითარების თაობაზე ისაუბრეს და განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობა.
მხარეთა განცხადებით, ეს არის ახალი იმპულსი ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარების საქმეში.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაზე და ხაზგასმით განაცხადა, რომ იაპონია ამით დაინტერესებულია. საუბარი დაეთმო ეკონომიკურ ურთიერთობას.
აღინიშნა, რომ იაპონია დიდად არის დაინტერესებული ჩაერთოს იმ პროექტებში, რომლებიც საქართველოში ვითარდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრისას განიხილეს, იყო დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის იაპონიის მხრიდან ვიზების გაუქმება.
როგორც იაპონურმა მხარემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები გაცვლიან კიდეც ნოტებს.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ ვითარებას, რომელიც შექმნილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მისი თქმით, იაპონიისგან მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ საქართველო-იაპონიის ურთიერთობა ყველა დონეზე უნდა გაღრმავდეს და დემოკრატიულმა ქვეყნებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები