„ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობა მარგველაშვილის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება“

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ბრიუსელში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა. ჩაფიძის შეფასებით, მარგველაშვილმა ჩათვალა, რომ ქვეყნისთვის ისეთი საფრთხე, როგორიცაა აფხაზეთის ანექსიის ალბათობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტები.
დეპუტატის განმარტებით, პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმება ქვეყნის ავტორიტეტზე ნეგატიურად არ იმოქმედებს, რადგან, ჩაფიძის განცხადებით, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მეთაურიც მსგავსი საფრთხეების არსებობის შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილის მსგავსად მოიქცეოდა.
„არ მგონია, რომ ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმება ნეგატიური იყოს ქვეყნისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი დღესაც დასავლეთ ევროპაში იმყოფება და პოლიტიკურ წრეებს ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის თვალსაზრისით ჩვენს პოზიციებს განუმარტავს. რა თქმა უნდა, კარგი იყო, რომ ეს ვიზიტი შემდგარიყო, მაგრამ პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ დღევანდელ ეტაპზე ქვეყნის საშინაო საფრთხე, როგორიცაა ჩვენი განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ანექსიის დიდი ალბათობა, არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის შეხვედრები, რომელიც მას ჰქონდა ბრიუსელში დაგეგმილი. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობაც გაგებით მოეკიდება მსგავს საფრთხეებს, რადგან, დარწმუნებული ვარ, სხვა სახელმწიფოების პირველი პირებიც ანალოგიურად მოიქცეოდნენ, მათი ქვეყნებიც რომ ანალოგიური საფრთხის წინაშე იყვნენ“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბელგიაში პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს. ბელგიაში საქართველოს ელჩის ნატალი საბანაძის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელგიაში ვიზიტი 28 ოქტომბერს დანიშნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამო გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები