პრეზიდენტმა ბელგიაში ვიზიტი გააუქმა, ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარე გაემგზავრება

ბელგიაში პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს. ბელგიაში საქართველოს ელჩის ნატალი საბანაძის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელგიაში ვიზიტი 28 ოქტომბერს დანიშნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამო გააუქმა, ვიზიტის გადადება კი ვერ მოხერხდებოდა, რადგან პრეზიდენტი ბელგიაში პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩადიოდა.
„საქართველოს პრეზიდენტი ჩამოდიოდა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიეღო პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად ახლა წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი”, – აღნიშნა საბანაძემ.
ამასთან, ელჩი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საელჩომ Leuven-ის უნივერსიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, ვიზიტის პოლიტიკური კრიზისის გამო ჩაშლის თაობაზე. ნატალი საბანაძის განმარტებით, ეს უნივერსიტეტის ინტერპრეტაციაა.
“მე ვნახე, უნივერსიტეტმა დადო ასეთი განცხადება. ეს არის უნივერსიტეტის ინტერპრეტაცია და არა საელჩოსი. ბატონ პრეზიდენტს დაგეგმილი ჰქონდა გამოსვლა უნივერსიტეტში. საელჩოს თანამშრომელი ხაზზე იყო უნივერსიტეტთან და აუხსნა, უთხრა სწორედ ის, რაც მე გითხარით, რომ დანიშნულია უშიშროების საბჭოს სხდომა, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა რუსეთსა და საქართველს ურთიერთობაში. უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი. ეს არ იყო საელჩოს ინტერპრეტაცია”, – აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, Leuven-ის უნივერსიტეტში გამოსვლა და ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება 28 ოქტომბერს იყო ჩანიშნული.
ელჩის ინფორმაციით, ვიზიტის გაუქმების თაობაზე საელჩოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ოფიციალურად 18 ოქტომბერს აცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები