ირაკლი რუხაძე – განათლების რეფორმაზე: ბიზნესს დიდი როლი აქვს ამაში, შეგვიძლია, დავეხმაროთ ხარისხის მართვაში
,,ბიზნესს დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში, ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ხარისხის მართვაში”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის განათლების რეფორმის თემაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
„კარგია, რომ ამას აკეთებენ. ბიზნესს დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ხარისხის მართვაში. ჩვენ გვაქვს ბევრი ინფორმაცია, შეგვიძლია, მივაწოდოთ განათლების სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ჩვენ რა გვჭირდება, როგორ გვჭირდება, რომელი უნივერსიტეტებიდან უფრო კარგი ხალხი მოგვყავს, რას ვიხდით, რა არის საშუალო ხელფასი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია, ამაში ჩავერთოთ.
მეორე მხრივ, ასევე შეგვიძლია ჩავერთოთ, რომ საჯარო უნივერსიტეტებში ქველმოქმედება გავწიოთ და ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც არის გადასაწყვეტი, მონაწილეობა მივიღოთ მათ გადაწყვეტაში. ამაზე ვისაუბრეთ ბევრი. პრემიერმა აგვიხსნა, ასევე განათლების მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა, რას აპირებენ, ძალიან საინტერესოა და მადლობა ღმერთს, რომ ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
