„არსებობს მაგალითები, როცა ნატოს წევრი ისეთი ქვეყნები გახდნენ, რომლებსაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ჰქონდათ“

საქართველო არ უყურებს ნატოს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გადაჭრის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სასაკავას მშვიდობის ფონდში გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენ გადავჭრით ამ პრობლემებს არა სამხედრო გზით, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საზოგადოებისა და მოსახლეობის ჩართულობით საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისვე განცხადებით, ამის მიუხედავად, არსებობს მაგალითები, როცა ნატოს წევრი გახდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ჰქონდათ,.
“ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები. შეგიძლიათ, აიღოთ ნატოს ისტორია და ნახავთ, რომ არ არის მოთხოვნა, ქვეყნებს გადაჭრილი ჰქონდეთ ტერიტორიული პრობლემა. მაგალითად, ავიღოთ გერმანია: ის ითვლებოდა ერთ ერად, მაგრამ არსებობდა ორი სახელმწიფო, აქედან ერთ-ერთი ნატოს წევრი იყო. მე გავიზარდე საბჭოთა კავშირში, სადაც მეუბნებოდნენ, რომ ნატო არის ჩვენი ძირითადი მტერი და არ არსებობს არანაირი გზა, ვიყოთ მისი პარტნიორები, თუმცა ბოლო 25 წლის განმავლობაში ვნახე, რომ ევროპა იზრდება, ნატო იზრდება, ევროკავშირისა და ნატოს საზღვრები კიდევ უფრო უახლოვდება რუსეთს და რუსეთს აქვს ყველაზე მშვიდი საზღვრები ევროკავშირსა და ნატოსთან”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთს აქვს ყველაზე ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირისა და ნატოს სახელმწიფოებთან. რუსეთი ჩართულია ერთობლივ სამხედრო პროექტებში ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებთან, რუსეთს არ აქვს არანაირი სირთულეები, თავს გრძნობდეს კარგად, როდესაც მიდიან სამოგზაუროდ, სავაჭროდ, კულტურული ურთიერთობებისთვის, თუ საცხოვრებლად ევროპაში.
“ისინი არიან ძალიან მეგობრულები ევროპელებთან და მათ ეს ურთიერთობები მოსწონთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს უფრო რთულია საქართველოში. ასე რომ, როდესაც მე ვხედავ ნატოს და ევროკავშირის გაფართოებას, მე ასევე ვხედავ ძალიან მშვიდობიან პარტნიორობას რუსეთსა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის. მათ ასევე აქვთ სპეციალური ფორმატი რუსეთთან ურთიერთობებისთვის, თუმცა უეცრად ეს საკითხები გახდა მწვავე, პრობლემური საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჭრილში. ეს არ არის რუსეთ-ევროკავშირისა და რუსეთ-ნატოს ურთიერთობების გამო, ეს არის გაცხადებული პრივილეგირებული ინტერესების ზონის არსებობის თეორიის გამო, რომელიც განსაზღვრავს, რომ რუსეთს აქვს სპეციალური უფლებები, ინტერესები და შესაძლებლობები თავის მეზობლებთან მიმართებაში. ეს არის მთავარი პრობლემა – მეზობლებთან დამოკიდებულების პრობლემა”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები