პროკურატურა გელაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნას აქვეყნებს

 

     მთავარი პროკურატურა ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნას აქვეყნებს და განცხადებას ავრცელებს.
“ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ პროკურატურას, განაგრძოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2005 წელს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით
2014 წლის 23 ოქტომბერი, თბილისი, საქართველო – 2005 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებული მასალების თვეების განმავლობაში შესწავლის შედეგად, დღეს, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასკვნა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ამ დროისთვის მოწოდებული მტკიცებულებები არის „სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისი“ იმისთვის, რათა მართებულად იქნეს მიჩნეული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი რანგის თანამდებობის პირების ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება სხვდასხვა დანაშაულებისთვის. მთავარი პროკურორის თხოვნის შესაბამისად, 2014 წლის ივლისის თვეში ჩამოყალიბებული ჯგუფი ეწვია საქართველოს იმ მიზნით, რომ აქტიურად შეესწავლათ მთავარი პროკურორის მიერ მიწოდებული მასალები, რომლიც შეიცავდა მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო ოქმებს, ქართულ კანონმდებლობას და შესაბამის მასალებს. აღნიშნული მასალების შესწავლის და მთავარ პროკურორთან მათი დამატებით მომდევნო განხილვების შემდგომ, ჯგუფმა მოამზადა წინასწარი დასკვნა, რომლის მიხედვითაც დღეისთვის ხელმისაწვდომი მტკიცებულებები არის საკმარისი მთავარი პროკურატურისთვის, რათა განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირთა მიმართ, რომელთაც უკვე წარედგინათ ბრალდება. საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა ჯგუფის მიმართ კმაყოფილება გამოხატა მასალის სრულყოფილი და სამართლიანი შესწავლისთვის. ბადაშვილმა განაცხადა, „პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება არის განმსაზღვრელი პრინციპი ამ გამოძიებისთვის და უწყებისთვის. პატივცემული საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები ადასტურებენ, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ფუნქციონირებს სამართლიანად და გამჭვირვალედ.“ ჯგუფის დასკვნა შეგიძლიათ იხილოთ აქ: [დასკვნა]
გელაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებები: 2005 წლის 14 ივლისს, შეიარაღებული, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ საქართველოს პარლამენტის წევრს ვალერი გელაშვილს, რომელმაც მანამდე გამოაქვეყნა კრიტიკული სტატია იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. იმ დროისთვის გამოძიება არსებითად არ წარმოებულა და დანაშაულის ჩამდენ პირთა დაკავება არ განხორციელებულა. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, თავდამსხმელები თავად გამოცხადდნენ და აღიარეს, რომ ყველა მათგანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელი და მოქმედებდა ბრძანებების შესაბამისად. მთავარმა პროკურატურამ შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებსაც იგი წარადგენს სასამართლოში და რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიერ ვალერი გელაშვილზე თავდასხმასთან პირდაპირ კავშირს. აღნიშნულ ოთხ პირს ბრალი წარედგინა 2014 წლის 5 აგვისტოს ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ამსრულებლისა და ორგანიზატორის პასუხისმგებლობისათვის, და ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის.
ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შესახებ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: სერ ჟოფრეი ნაისი (დედოფლის ადვოკატი) (დიდი ბრიტანეთი), მოშე ლადორი (ისრაელი) და პოლ კოფეი (ამერიკის შეერთებული შტატები) (იხილეთ მათი ბიოგრაფიები ქვემოთ). ჯგუფი ჩამოყალიბდა 2014 წლის ივლისში მთავარი პროკურორის ინიციატივით. ამის შემდგომ, ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში სხვადასხვა საქმეების საქართველოს მთავარ პროკურორთან და მის გუნდთან ერთად განხილვის მიზნით. ჯგუფმა ასევე სრულად შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები. წარმოდგენილი წინასწარი დასკვნა არის ჯგუფის შეფასება მისთვის მიწოდებულ პირველ საქმესთან დაკავშირებით. ჯგუფი დამატებით მოსაზრებებს სხვა საქმეებთან მიმართებით მოამზადებს მომავალში.
ჯგუფის წევრების ბიოგრაფიები სერ ჟოფრეი ნაისი (დედოფლის ადვოკატი) – წარმოადგენს ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ყოფილ მოადგილეს (1998-2006), სადაც ის ხელმძღვანელობდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებას. ის ბატონ დესმონდ დე სილვათან (დედოფლის ადვოკატი) და დევიდ კრეინთან ერთად წარმოადგენდა გამოძიების ანგარიშის თანაავტორს, რომელიც ეხებოდა სირიაში დაკავებულთა წამებასა და სიკვდილით დასჯას. ამჟამად, სეჯ ჟოფრეი წარმოადგენს ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მოსამართლეს და არის ქალაქ ლონდონში არსებული გრეშამის კოლეჯის პროფესორი სამართლის დარგში.
მოშე ლადორი – წარმოადგენდა ისრაელის სახელმწიფო პროკურორს 2013 წლის ბოლომდე, ის ზედამხედველობდა ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტისა და ხელისუფლების რამდენიმე სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების ბრალდებას. მანამდე, ბატონი ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი.

პოლ კოფეი – წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილ უფროსს. საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ ის დაინიშნა მართლმსაჯულების სისტემის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირად კოსოვოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიაში (UNMIK). იგი აქტიურად იყო ჩართული კოსოვოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში და პასუხს აგებდა კოსოვოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის მიერ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმეების ზედამხედველობასა და ბრალდებებზე (მათ შორის ომის დანაშაული)”, – აცხადებენ ბადაშვილის უწყებაში.

http://pog.gov.ge/res/docs/braldebismrcheveltasaertashorisojgufisdaskvna.pdf

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები