ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხარისხზე, გამჭვირვალობაზე და ეფექტიან მმართველობაზე დაფუძნებული სისტემურ რეფორმა დაიწყო

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას, ისაუბრა სამინისტროს გაყოფისა და მმართველობითი გუნდის ცვლილების შედეგად, სამინისტროში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა მმართველობითი გუნდის ამოცანა იყო სამინისტროს საქმიანობის გაჯანსაღება, ახალი მართვის სისტემების დანერგვა და ხარისხის კონტროლის გაძლიერება. მინისტრის თქმით, სამინისტრო სრულად გადადის ხარისხზე დაფუძნებულ მმართველობის მოდელზე, რაც მოიცავს, მათ შორის, პროექტირების ეტაპის გამიჯვნას, არქიტექტორების აქტიურ ჩართულობას და კონტროლის მკაცრ მექანიზმებს.

„ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ სამინისტროს სისტემაში შემავალი რამდენიმე უწყება სრული რეორგანიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ეფექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციებად, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხით მართვაზე,”- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ინსტიტუციური მოდერნიზაციის პროგრამის შესაქმნელად, რომელიც მოიცავს ორგანიზაციული სტრუქტურის გამარტივებას, ზედამხედველობისა და ფინანსური კონტროლის გაძლიერებას, ციფრული მართვის სისტემების და ადამიანური რესურსების განვითარების ახალი სტანდარტების დანერგვას.

შეიქმნა ახალი სტრუქტურებიც — ტექნიკური ზედამხედველობის, პროექტების მართვის, ხარისხის კონტროლის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები