ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 

      საქართველო–ლიტვის პარტნიორული ურთიერთობები, საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსთან შეხვედრის მთავარი თემები.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას განსაკუთრებულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებასთან. მისივე განმარტებით, ლიტვის მთავრობა დიდ დახმარებას უწევს საქართველოს საგარეო – პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, ასევე, ცდილობს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ლიტვა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში და მუდმივად გამოხატავს მზადყოფნას, გაუზიაროს საქართველოს საკუთარი გამოცდილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ერთ-ერთი პრიორიტეტული, – სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარმართვის მიზნით, ლიტვა გამოცდილებას უზიარებს საქართველოს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო კუთხით, ასევე ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური რესურსის განვითარების მხრივ.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები