ზვიად ძიძიგური: ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა სასამართლოზე, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის აკაკი მინაშვილის მიერ საქალაქო სასამართლოს მოსამართლისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნას აფასებს და აცხადებს, რომ ეს ცალსახად დასაგმობი საქციელია.
“ეს არის სასამართლოზე ცალსახა პოლიტიკური ზეწოლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველამ ვისწავლოთ სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემა, მიუხედავად იმისა, მოგვეწონება ის თუ არა. პოლიტიკური ოპოზიციისგან, რომელიც თავის დროზე თავად მოვიდა ხელისუფლებაში დემოკრატიული ღირებულებების მთავარი დამცველის მანტიით და მთელი 9 წლის განმავლობაში გვიკითხავდა, როგორ უნდა აშენდეს დემოკრატიული სახელმწიფო, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრისგან მოსამართლისთვის მუქარისა და შეურაცხმყოფელი ტექსტის გაგზავნა ცალსახად დასაგმობი საქციელია. ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა სასამართლოზე, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოა”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს ბაჩო ახალაიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. მინაშვილის თქმით, შეტყობინების შინაარსი ასეთი იყო: “ვისაც გინდა, ანახე ეს გზავნილი – მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი ყველას – მონა ხარ!”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები