ზაქარეიშვილი: მისაღებია, მოხეში, სადავო შენობაში ბიბლიოთეკა განთავსდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მისაღებია, ადიგენში, სოფელ მოხეში სადავო შენობაში ბიბლიოთეკა განთავსდეს.
რაც შეეხება საკითხის შესწავლას, თუ რა იყო იქ ადრე, ზაქარეიშვილის თქმით, ღრმა შესწავლა სჭირდება.
“პირველ რიგში, უნდა დაიგმოს ნებისმიერი ფორმით ძალადობა. იქ, სადაც არის ძალადობა, საქმე ვერ კეთდება და გამორიცხულია მოძალადეს ვინმემ მოუსმინოს, მით უმეტეს, როდესაც ძალადობა ხორციელდება პოლიციის, ანუ სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე არა მგონია, რომ ჩვენს ხელისუფლებაში დღეს ისეთი პირობები იყოს, რომ შეუძლებელი იყოს ნებისმიერი საკითხის მოგვარება მოლაპარაკებებით და მშვიდობიანი ფორმით”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, მას კონკრეტული ინფორმაცია არა აქვს ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე გარდა იმისა, რაც საჯაროდ გავრცელდა.
“ჩემთვის როგორც ცნობილია, ამ სააგენტოსთვის არ მიუმართავთ, ანუ ჩართული არ იყო ის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ევალება ასეთ დროს შეისწავლოს ვითარება. მე ვოპერირებ მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც არის საჯარო. შემიძლია ვთქვა, რომ არის ბევრი ურთიერთგამომრიცხავი საკითხი, ამიტომ საჭიროა მოლაპარაკება და მუშაობა ამ თემაზე. ჩემთვის მისაღებია გუბერნატორის განცხადება, რომ ეს შენობა იქნება ბიბლიოთეკა, კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი, ხოლო ადრე რა იყო, ამას სჭირდება ღრმა შესწავლა, რადგან ქრისტიანი მოსახლეობა ამბობს ერთს, მუსლიმი კი მეორეს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფლის ცენტრში არსებული შენობის გამო დაპირისპირება მოხეში გუშინ მოხდა. შენობაში, რომელშიც ადგილობრივ მუსლიმთა მონაყოლის მიხედვით, წლების წინ მეჩეთი ფუნქციონირებდა, ახლა ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმება.
ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შენობასთან სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. მშენებლების შეჩერება მუსლიმებმა რამდენჯერმე სცადეს, რაც მალე სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები