თამარ სანიკიძე სოფელ მოხეში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

სასწავლო პროცესი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არ შეფერხებულა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, სასწავლო პროცესი მოხეშის მოსაზღვრე სამ სოფელში შეფერხდა, სადაც სამლოცველოს თემა მცხოვრებთა ინტერესებს წარმოადგენდა.
“იქ, სამწუხაროდ, შეფერხებულია სასწავლო პროცესი, თუმცა პედკოლექტივი, ადმინისტრაცია ადგილზე არიან და ელოდებიან ბავშვებს. თუ ისინი მივლენ, ჩატარდება გაკვეთილები, სხვა შემთხვევაში პროცედურების დაცვა მოგვიწევს, ეს არის “არა”-ს დაწერა და ა.შ.”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისივე თქმით, რესურსცენტრის წარმომადგენლები ესაუბრებიან სკოლების დირექტორებს, ადმინისტრაციას, მშობლებს. განათლების მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება და ბავშვები არ დაზარალდებიან.
თავად ინციდენტს რაც შეეხება, როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, თემა არის სპეციფიკური და სენსიტიური, თუმცა კანონი ყველასთვის ერთია.
შეგახსენებთ, რომ სოფლის ცენტრში არსებული შენობის გამო დაპირისპირება მოხეში გუშინ მოხდა. შენობაში, რომელშიც ადგილობრივ მუსლიმთა მონაყოლის მიხედვით, წლების წინ მეჩეთი ფუნქციონირებდა, ახლა ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმება.
ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შენობასთან სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. მშენებლების შეჩერება მუსლიმებმა რამდენჯერმე სცადეს, რაც მალე სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები