ირაკლი კობახიძე: დამხობა მშვიდობიანი არ არსებობს, როგორც არ შეიძლება, იყოს მშვიდობიანი მკვლელობა, ან მშვიდობიანი ყაჩაღობა, თმის ღერიც არავის ჩამოვარდნია, ძალიან კარგად, იდეალურად ჩატარდა 4 ოქტომბრის სპეცოპერაცია შსს-ს მიერ, პრევენციულმა ზომებმა ამაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

ყველაფერი მეორეხარისხოვანია ერთ ფაქტთან შედარებით – დაანონსდა დამხობის აქცია, სახელი ჰქონდა ამ აქციას – დამხობის აქცია, სიტყვა მშვიდობიანი აქ ოქსიმორონია, მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, როგორც არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი მკვლელობა ან მშვიდობიანი ყაჩაღობა, ასევე არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი დამხობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის 7 000-მდე მხარდამჭერი მისული იყო დამხობის აქციაზე და დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

„დაანონსდა ის, რაც დაანონსდა – დეტალებში შედიოდნენ, იხსენებდნენ „ვარდების რევოლუციას“, შენობაში შეჭრაც დაანონსებული იყო, მარტო ის კი არა, რომ ვიღაცამ შეიძლება ქართული კარგად არ იცის და მშვიდობიანი დამხობა რომ არ არსებობს ვერ გაიგო, ამაზე კი არ იყო საუბარი, შენობებში შეჭრაც დეტალებში ჰქონდათ დაანონსებული. პირდაპირ იხსენებდნენ, მაგალითად, „ვარდების რევოლუციას“, რომელიც წარიმართა პარლამენტის შენობაში შეჭრით, ამიტომ სიურპრიზი არავისთვის იყო, რომ ერთ, ან მეორე შენობაში შეიჭრებოდნენ და შეარჩიეს პრეზიდენტის სასახლე. ამ ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიციის 7 000-მდე მხარდამჭერი, რაც შემორჩათ, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე. დანარჩენი ხომ ყველაფერი მეათეხარისხოვანია, ისიც, თუ ხაბეიშვილი ვისგან იღებდა ფულს, ვინ აგულიანებდა მას და ა.შ. არ გვინდა ამ თემაში შესვლა, ჩვენთვის მთავარია ის, რომ ბოლომდე გვიჭირავს სიტუაცია. ამ ადამიანებს, შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით ჰქონდათ შიშები, თუნდაც კორუფციის გამო და აგულიანებდნენ ხაბეიშვილს. შეიძლება, რაღაცებს ჰპირდებოდნენ. როდესაც მე ვსაუბრობ პრევენციულ ზომებზე, ამ მიმართულებითაც იქნა მიღებული პრევენციული ზომები, რამაც გაგვიადვილა 4 ოქტომბერს რეაგირება. თქვენ ნახეთ, რომ თმის ღერიც არავის ჩამოვარდნია, ძალიან კარგად, იდეალურად ჩატარდა 4 ოქტომბრის სპეცოპერაცია შსს-ს მიერ. პრევენციულმა ზომებმა ამაში შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები