ნათია თურნავა ვაშინგტონში მიმდინარე სსფ-სა და მსოფლიო ბანკის შეხვედრების ფარგლებში Mastercard-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო საბარათე სქემა Mastercard-ის აღმოსავლეთ ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის (EEMEA) რეგიონის პრეზიდენტს დიმიტრის დოსისს და ვიცე-პრეზიდენტს აზამ ალამედინს შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და ერთობლივი პროექტები. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საგადახდო მომსახურებებისა და ფინანსური ჩართულობის სფეროში იმ მნიშვნელოვან ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც სებ-ისა და Mastercard-ის მჭიდრო თანამშრომლობით წარმატებით მიმდინარეობს.

„შეხვედრისას სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი სხვადასხვა რეფორმის განხორციელებით აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ინოვაციური საგადახდო სერვისების ხელშეწყობაში.

„ამ პროცესში ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საბარათე სქემებთან, რათა ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებულნი ადგილობრივი ბაზრის ინიციატივებისა და რეფორმების შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს უზრუნველყონ ბაზრის მონაწილეთა შესაბამისი მხარდაჭერა. ამავდროულად, ეროვნული ბანკი აფასებს მათ ძალისხმევასა და ექსპერტიზას ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური საგადახდო გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში Mastercard-ის მხარდაჭერით ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საბარათე ოპერაციების ოპერაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, რაც სებ-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„აღსანიშნავია საბარათე ოპერაციებში მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის (SCA) პროცესები, სადაც ამჟამად მიმდინარეობს სისტემების განახლება და ახალი ავთენტიფიკაციის მექანიზმების დანერგვა. ბანკები ამ პროცესში ნაწილობრივ დამოკიდებულნი არიან საბარათე სქემებზე – განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო გადახდებისას. ასევე იმ მიმართულებებში, რომლებიც მოიცავს სქემების მიერ მოწოდებულ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ბარათის მონაცემთა ტოკენიზაცია, ავთენტიფიკაციის მექანიზმები და სხვა მონიტორინგის ინსტრუმენტები. ამ საკითხებზე Mastercard-თან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ბაზარზე ჩნდებიან ახალი მოთამაშეები – როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ფინტექ კომპანიები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს.

დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ამერიკული საინვესტიციო კომპანიების – J.P. Morgan-ის, Citibank-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციით წარდგება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები