„მეგის ქარდავას ქორწილისთვის 50 000 ლარი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გადაირიცხა“

„ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს უამრავი თანხა მაღალჩინოსანთა ქორწილებსა და მათი მეუღლეების დაბადების დღეებში იხარჯებოდა. ეს ყველაფერი კი ფორმდებოდა ისე, თითქოს სამინისტრო რომელიმე მსხვილ დელეგაციას მასპინძლობდა“, – აღნიშნული განცხადება თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ტრისტან წითელაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
წითელაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მასალები წარუდგინა. მასალების მიხედვით სამინისტროს მიერ სხვადასხვა ვახშმისთვის ათეულობით ათასი ლარი სხვადასხვა რესტორანში გადაირიცხა.
„ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ბაჩო ახალაიას მინისტრობისას სხვადასხვა რესტორანში რამდენიმე ვახშმისთვის კოლოსალური თანხაა დახარჯული. რეალურად ეს სტუმრები არ ყოფილან. მითითებულია, თითქოს 50 -კაციანი, 100 -კაციანი, 200- კაციანი, 400 -კაციანი დელეგაცია იყო და თითოეული ადამიანის ვახშმის ღირებულებამ ერთ ადამიანზე 150 და 250 ლარი შეადგინა. მთლიანობაში ვახშამი ხშირად 15, 20, 35 და 40 000 ლარი ჯდებოდა. ჩვენი მუშაობის შედეგად დავადგინეთ, რომ ამ რაოდენობის სტუმრები მითითებულ პერიოდებში თავდაცვის სამინისტროში არ ყოფილან, რეალურად ეს თანხები მათი მეუღლეების დაბადების დღეების გადახდაში იხარჯებოდა. ამ თანხებით იხდიდნენ ქორწილებს, მაგალითად, მეგის ქარდავას 400- კაციანი ქორწილის სუფრაში გადახდილია 50 000 ლარი“,- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები