ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ანტონელა ბასანისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ რუგენაათთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს სებ-ის მონეტარული პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. მან ასევე ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკსა და სებ-ს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებში.
„უაღრესად ვაფასებთ ჩვენს ინსტიტუტებს შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას. წლების განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით არაერთი ინიციატივა განახორციელა. ამჟამად მსოფლიო ბანკისა და სებ-ის მიერ ერთობლივად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სებ-ი აქტიურად მუშაობს მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვაზე, რომელიც 2026 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი.