„ყოფილმა ხელისუფლებამ სეიშელის კუნძულებზე 16 მილიარდი გადარიცხა“

თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ტრისტან წითელაშვილმა საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დოკუმენტაცია წარმოადგინა, სადაც საუბარია ყოფილი ხელისუფლების მხრიდან 9 წლის მანძილზე გამქრალ 16 მილიარდ ლარზე, რომელიც, მისივე მტკიცებით, სეიშელის კუნძულებზე ილექებოდა. წითელაშვილმა კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ მასალებს, რომელიც კონფიდენციალურად მოიპოვა, პროკურატურას გადასცემს.
„ყოფილი ხელისუფლება ბიუჯეტიდან გამქრალი თანხების მობილიზებას სეიშელის კუნძულებზე ფარულ ანგარიშებზე რიცხავდა. მათი მმართველობის პერიოდში, ბიუჯეტიდან გამქრალია 16 მილიარდი ლარი, რომლის მობილიზებაც სწორედ მათ ფარულ ანგარიშებზე ხდებოდა. მილიონობით ლარია გამქრალი თავდაცვის სამინისტროდან. მაგალითად, ბაჩანა ახალაიას მინისტრობის პერიოდში იარაღებით 99 პირი დააჯილდოვა. მათ შორის აღმოჩნდა გაურკვეველი წარმომავლობის 17 პირი, რომელთაც თავდაცვასთან შეხება არასდროს ჰქონია. მათი იარაღისთვის თავდაცვის ბიუჯეტიდან 82 000 ლარი დაიხარჯა, საუბარია მაყუჩიან სპეციარაღებზე, რომლებიც საკმაოდ ძვირად ღირებულია და ფარულ ოპერაციებში გამოიყენება“, – აღნიშნა წითელაშვილმა.
მისივე თქმით, ეს იარაღები სწორედ იმ ზონდერებს გადაეცათ, რომლებიც დღეს სხვადასხვა ინსტიტუტში არიან მობილიზებულები და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაზე მუშაობენ:
„ეს 17 ადამიანი არის ზონდერი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა. ისინი დღეს „თავისუფალი ზონის“, თუ ექსპერტების სახით გვევლინებიან“, – აღნიშნა წითელაშვილმა, თუმცა კონკრეტული გვარ-სახელების დასახლებისგან თავი შეიკავა. მისივე თქმით, მათი დასახელება და გამოვლენა პროკურატურის საქმეა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბიუჯეტიდან გამქრალ სხვა ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრომ 2011 წლის 26 მაისის აღლუმის ტრანსლირებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს 20 000 ლარი გადაურიცხა მაშინ, როცა აღლუმის უსასყიდლოდ ტრანსლირება მის ფუნქციებში შედიოდა.
„კიდევ ერთი ფაქტი „სუხიშვილების ანსამბლს“ უკავშირდება, რომელთანაც თავდაცვის სამინისტრომ 2011 წლის 18 მაისს ხელშეკრულება ( #207) გააფორმა და აღლუმზე ცეკვის შესასრულებლად 17 700 ლარი გადაურიცხა, რასაც ადასტურებს საგადახდო მოთხოვნა #9211. თუმცა, სუხიშვილების მხრიდან საცეკვაო ნომერი არ შესრულებულა“, – აღნიშნა წითელაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.
ყოფილმა მაღალჩინოსანმა თავდაცვის სამინისტროდან ჩამოწერილ მილიონნახევარ ლარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თანხა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა საბრძოლო დანაკარგში გაქვითეს: „თავდაცვის სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბიუჯეტიდან მილიონნახევარი ლარი ჩამოწერა, რომელიც საბრძოლო დანაკარგში გადაიყვანა. მაგალითად, თუ განადგურდა 1 ტანკი, გააფორმეს 3 ტანკად და ასე შემდეგ. სწორედ ამგვარი მაქინაციების შედეგად მოპარული თანხები ირიცხებოდა სეიშელის კუნძულებზე. თანხები სააკაშვილ-კეზერაშვილის მიერ შექმნილ ფირმა „ბილტრეინინგში“ ირიცხებოდა, რომელიც შემდეგ მათ მიერვე შექმნილ სხვადასხვა ფარულ ანგარიშებზე მიდიოდა“, – აღნიშნა წითელაშვილმა.
მან ფაქტების დამალვაში ლაშა თორდია დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მის მიერ ჩამოთვლილ ფაქტებს აუდიტის შემოწმებაც ადასტურებს, თუმცა, აუდიტის დასკვნა ლაშა თორდიამ დამალა. როგორც წითელაშვილმა აღნიშნა, მასალებს, რომელიც მან კონფიდენციალურად მოიპოვა. პროკურატურას გადასცემს და ძიების დაწყებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები