ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატ მინაშვილის მიერ გაგზავნილი მესიჯების შესწავლას ითხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დეპუტატ აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლისადმი მესიჯების გაგზავნის ფაქტს გმობს. ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის ორგანოებს აღნიშნული ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს.
“გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის დეპუტატი მინაშვილი მუქარის მესიჯებს და შეურაცხმყოფელ სიტყვებს სწერდა მოსამართლეს, რომელმაც ბაჩო ახალაიას საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ყოვლად დასაგმობი და მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს საკითხი ეხება, ის სათანადოდ შეისწავლონ. სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელი”, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. ამის საპასუხოდ, აკაკი მინაშვილმა მოსამართლისადმი გაგზავნილი მესიჯი გაასაჯაროა.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ გთავაზობთ ჩემს გზავნილს “მოსამართლე” ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ – “ვისაც გინდა ანახე ეს გზავნილი – მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი, ყველას მონა ხარ!”, – ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს!” , – განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები