ირაკლი ღარიბაშვილი ბაჩო ახალაიასთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. პრემიერის აზრით, სამართალმა იზეიმა და სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო.
ღარიბაშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წინა ხელისუფლების დროს საქმე გვქონდა მკვლელობებთან, წამებასთან, ადამიანების ტანჯვასთან, გაუპატიურებასთან.
“გუშინ საქართველოს საზოგადოებამ იხილა სასამართლოს გადაწყვეტილებები ძალიან მძიმე საკითხთან დაკავშირებით, ეს იყო ნავთლუღის გახმაურებული საქმე, რომელსაც მოჰყვა სამი უდანაშაულო ახალგაზრდის ჩაცხრილვა. ეს იყო სისასტიკე, რომელიც გამოვლინდა იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან. საბედნიეროდ, სამართალმა იზეიმა და სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წინა ხელისუფლების დროს საქმე გვქონდა მკვლელობებთან, წამებასთან, ადამიანების ტანჯვასთან, გაუპატიურებასთან და ა.შ. მინდა, შევახსენო იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სტრესს და ქაოსს თესავენ საზოგადოებაში – ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი რეჟიმი და სისტემა, რომელიც ებრძოდა საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას ანგრევდა, წარსულს ჩაბარდა. ახლა არის დრო, გავარკვიოთ, თუ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ჩვენი ოპონენტები, რჩებიან მწამებლებისა და მკვლელების დამცველებად, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვაცხადოთ, რომ ასეთი ტიპის ოპონენტებთან საქმე არ გვექნება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი   7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხებათ დანარჩენ ბრალდებულებს, ლევან ქარდავას, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მუხლი ჰქონდა წარდგენილი, 11 წლით პატიმრობა შეეფარდა. კიდევ ერთ ბრალდებულს გიორგი მაზმიშვილს კი 11 წელი მიესაჯა. ძებნილ მეგის ქარდავას, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით აღკვეთა  შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები