რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს. სააგენტო ყველა მხარეს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგონიერება, რათა პროცესების ესკალაციამ არ დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გამოთქვამს წუხილს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში დღეს განვითარებული მოვლენების გამო.
აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:
ადიგენის რაიონის სოფელ მოხის მუსლიმურ თემს ამ პრობლემასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის ოფიციალურად არ მოუმართავს. სააგენტოში შემოვიდა მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის თაობაზე. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია მისი უფრო ღრმად შესწავლა, რისთვისაც მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მუნიციპალიტეტისაგან.
სააგენტოს პოზიციაა, რომ სახელმწიფოში თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველა რელიგიური გაერთიანების ინტერესი. რადგან აღნიშნული ძეგლის წარმომავლობა და კუთვნილება გახდა დავის საგანი ადგილობრივ ქრისტიანულ და მუსლიმ მოსახლეობას შორის, საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ კვლევასა და შესაბამისად ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიაჩნია, რომ პრობლემა უნდა მოგვარდეს კონსენსუსის საფუძველზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და მოუწოდებს საზოგადოებას შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგონიერება, რათა პროცესების ესკალაციამ არ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის რაიონ სოფელ მოხეში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყოფილი მეჩეთის ტერიტორიაზე მუშაობა დაიწყო. ადგილობრივმა მუსლიმებმა ამის გამო პროტესტი გამოხატეს. ვითარება ჩხუბში გადაიზარდა. დაკავებულია 14 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები