აკაკი მინაშვილი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისთვის გაგზავნილ შეტყობინებას ასაჯაროებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ადასტურებს საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ბაჩო ახალაიას საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს შეტყობინება გაუგზავნა. მინაშვილი ტექსტური შეტყობინების შინაარსს ასაჯაროებს.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ გთავაზობთ ჩემ გზავნილს “მოსამართლე” ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ: ვისაც გინა ანახე ეს გზავნილი – მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი, ყველას მონა ხარ! ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს!” – აღნიშნულია აკაკი მინაშვილის განცხადებაში.
დეპუტატი თბილისის საქალაქო სასამართლოს ურჩევს, ოპერატიული და ეფექტური რეაგირება გააკეთოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს ვურჩევდი ოპერატიული და ეფექტური რეაგირება გაეკეთებინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე და მუქარაზე ბატონი ბესიკის მიმართ და ბოლოს შეგახსენებთ, “არა არს დაფარული, რაიცა არ გაცხადდეს”, – აღნიშნულია აკაკი მინაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა, შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.
“2014 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზულუციო ნაწილი გამოაცხადა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქმის განმხილველმა მოსამართლე – ბესიკ ბუგიანიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრ აკაკი მინაშვილისგან მობილურ ტელეფონზე შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მიიღო. ასევე სოციალურ ქსელში კანონმდებლის გამონათქვამები გასცდა ეთიკის საზღვრებს.
თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს და სასამართლოს დისკრედიტაციად აფასებს მომხდარ ფაქტს. პარლამენტის წევრი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელსაც მოეთხოვება სამაგალითო ქცევა და სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემა. სასამართლოსთვის კრიტიკა მისაღებია მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში და შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით.
სასამართლო ხელისუფლება მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებებისაგან, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები