ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, მშენებარე მრავალსართულიანი შენობის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ესპანეთის საინფორმაციო სააგენტო EFE-ს ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მალიდან, გვინეიდან და ეკვადორიდან ჩასული მუშები.
დაშავდა, სულ მცირე, სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი ფეხის მოტეხილობით საავადმყოფოში მკურნალობს.
EFE-სა და ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობაში, რომელიც ოთხვარსკვლავიან სასტუმროდ გადაკეთებისთვის რემონტდებოდა, სავარაუდოდ, 30-40 ადამიანი მუშაობდა.
„შენობის რამდენიმე ჭერის კონსტრუქცია, რომელიც რემონტის პროცესში იყო, ჩამოინგრა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მადრიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა ბეატრის მარტინმა.
მარტინის თქმით, ნგრევის მიზეზზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია.