შალვა პაპუაშვილი: ადამიანები, რომლებიც გუშინ ამხობდნენ ქვეყანას, გუშინწინ იდგნენ ზოგიერთ ელჩთან ერთად, იხუტებდნენ და სურათებს იღებდნენ
ადამიანები, რომლებიც გუშინ ამხობდნენ ქვეყანას, გუშინწინ იდგნენ ზოგიერთ ელჩთან ერთად, იხუტებდნენ და სურათებს იღებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არავის იმედი არ ჰქონდეს, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ქვეყნის დამხობაში უცხოურ მონაწილეობაზე საუბარი არ იქნება.
„ამერიკაში ჩვენი ელჩი რომ გავიდეს და „ანტიფას“ ხალხთან გადაიღოს სურათები, მიიწვიოს თავისთან საელჩოში, ჩვენი ელჩი საფრანგეთში რომ მივიდეს და ყვითელჟილეტებით, თუ ვინც არიან, მათ ჩაეხუტოს, ჩვენი ელჩი გერმანიაში რომ ჩავიდეს და იქაურ ექსტრემისტებს ჩაეხუტოს, ეს ხომ იქნება სკანდალი, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო, ჩვენთან რატომღაც ჰგონიათ, რაღაც სხვა ვართ.
ამას ახლა ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვეღარ მივანიჭებთ. ჩვენ სათქმელს ყოველთვის ვამბობთ და მათ შორის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ქვეყნის დამხობაში უცხოურ მონაწილეობაზე მე ვილაპარაკებ ბევრს და არავის იმედი არ ჰქონდეს, რომ აქ ლაპარაკი არ იქნება.
დეზინფორმაციაზე როცა საუბრობენ, კალასის და კოსის განცხადებების მიზანი მათ შორის არის ჩვენი გაჩუმება. მათ შორის პრესსპიკერმა, ქალბატონმა ჰიპერმა, რომელმაც მანამდე წინასწარ გამოცხადებულ ძალადობრივ შეკრებას დაუჭირა მხარი, გუშინ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს დეზინფორმაციის…ეს იკადრა. მართლა რა უტიფრობაა, კინაღამ აქ სისხლის გუბეების დაყენებას შეუწყო ხელი, ამას ვერ აცნობიერებს, გამოდის აქ კიდევ, ჩვენკენ ხელს იშვერს და დეზინფორმაციებზე საუბრობს. მართლა უტიფრობის მწვერვალია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.