შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ კალასის და კოსის განცხადება, არც კი შეიმჩნიეს, რომ მათგან მხარდაჭერილმა ბრბომ სცადა პრეზიდენტის სასახლის აღება, ჩვენი საზოგადოება გადაურჩა სისხლს და ვითომც არაფერი მომხდარა
დადგა 4 ოქტომბერი, ვნახეთ ძალადობა და ამის შემდეგ, მეორე დღეს ვნახეთ კაია კალასის და მარტა კოსის განცხადება, რომლითაც არც კი შეიმჩნიეს, რომ ამ ქვეყანაში მათ მიერ მხარდაჭერილმა ბრბომ სცადა პრეზიდენტის სასახლის აღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ბრძენია და აღარ უსმენს ბრიუსელის თავქარიან და ზოგიერთის ქარაფშუტულ განცხადებებს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ამ შემთხვევაში არჩევნების პარალელურად მიმდინარეობდა შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ეს მოხდა პარალელურად, არა შემდეგ, როგორც მანამდე იცოდნენ ხოლმე, არჩევნების შემდეგ აყირავების მცდელობა – 2024-ში, 2021-ში, 2020-ში. ჯერ დამთავრებული არ იყო არჩევნები, ველოდით შედეგებს და იყო მცდელობა ხელისუფლების დამხობის და საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ძალადობრივი შტურმით აღების.
ამას ვუყურებდით პირდაპირ ეთერში ყველა და ამან გვაჩვენა საერთო ჯამში, რომ ის, რაზეც ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას და ის, რაც ჩანდა წინსწრებით, რომ იყო ძალადობისთვის შეკრება 4 ოქტომბერს, ახდა. რა ვნახეთ ჩვენ მანამდე და მას შემდეგ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ძალადობრივ აქციას მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრესსპიკერმა, 23 სექტემბერს, ათი დღით ადრე არჩევნებამდე. მე პირადად, ყოველ დღე, როგორც კი მქონდა შესაძლებლობა მედიასთან კომუნიკაციის და მათ შორის ფეისბუქპოსტებითაც, ვახსენებდი, რომ ეს იყო მხარდაჭერა და წაქეზება ძალადობის და ვკითხულობდი, აპირებს თუ არა ევროკავშირი, გაემიჯნოს ან განმარტოს ეს განცხადება. იყო სრული სიჩუმე. დადგა 4 ოქტომბერი, ვნახეთ ძალადობა და ამის შემდეგ, მეორე დღეს ვნახეთ ქალბატონი კალასის და კოსის, ევროკომისრების განცხადება, რომლითაც არც კი შეიმჩნიეს, რომ ამ ქვეყანაში მათ მიერ მხარდაჭერილმა ბრბომ სცადა პრეზიდენტის სასახლის აღება.
არც კი შეიმჩნიეს საერთოდ. სინამდვილეში, ჩვენი ქვეყანა გადაურჩა და ამას ვხედავთ, ჩვენი ისტორია ამას გვასწავლის, ჩვენ გადავურჩით იმას, რაც დაანონსებული და ნაგულისხმები იყო. ახლახან გახლდათ ინტერვიუ ქალბატონი მარინე ჩიტაშვილის, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტია და მან თქვა, რომ 4 ოქტომბრის აქციამ ვერ შეასრულა თავისი მიზანი. ჩამოთვალა – რომ ყოფილიყო სისხლი, რომ ყოფილიყო გასროლა, რომ ყოფილიყო მსხვერპლი, მაშინ ამ აქციას ექნებოდა თავისი შედეგი. ეს თქვა მან და ეს იყო ზუსტად, რასაც ისინი ელოდნენ – სისხლს, მსხვერპლს და გასროლას. ამას გადაურჩა 4 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოება. გადაურჩა 90-იან წლებში დაბრუნებას, სისხლს და სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველოში და უცებ გავიგეთ, ამ უცხოელებმა დაიბანეს ხელი, ვითომც არაფერი მომხდარა და დიალოგისკენ მოუწოდებენ კიდევ აქეთ.
ტერორისტული აქტი მოხდა საქართველოში, იღებდნენ პრეზიდენტის სასახლეს და ის ადამიანები, ევროკომისრები, ქალბატონი კოსი და კალასი, რომლის თანამშრომელიც არის მათი პრესსპიკერი, ვინც სოლიდარობა, მხარდაჭერა გამოუცხადა მოძალადეებს და დღეს ვითომც არაფერი, არც იმჩნევენ ამ ყველაფერს.
ამიტომ ეს კიდევ ცალკე საკითხია იმ ფარისევლობისა, რომელსაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ და საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ბრძენია, აღარ უსმენს ბრიუსელის ამ თავქარიან და რიგ შემთხვევაში, ქარაფშუტულ განცხადებებს ზოგიერთის მხრიდან.
პრესსპიკერის განცხადება იყო ჩვეულებრივი, ტიპური, ქარაფშუტული განცხადება ადამიანისა, რომელიც ვერც კი აცნობიერებს, რა ძალა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის სიტყვას და ფაქტობრივად, აქ გაგვწირა ხალხი არეულობისთვის. იმის შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ ასრულდა, რასაც დაგვპირდნენ, ახლა ვითომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ურთიერთობას უბრუნდებიან. რა თქმა უნდა, ასე არ გამოვა. ახლა უკვე გამიჯვნა აღარ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ახსნა-განმარტება ევროკომისიის, ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ამას ქართველი ხალხი ელოდება და ასე ვერავინ ვერ მიაჩუმათებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.