ევროკავშირის სანქციების ახალი ტალღა – რუს დიპლომატებს გადაადგილება შეეზღუდებათ

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის დიპლომატების გადაადგილებაზე ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს,- ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია ბლოკის უახლესი, მე-19 სანქციების პაკეტის ფარგლებში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოსკოვის წინააღმდეგ არის მიმართული.

ახალი რეგულაციების თანახმად, რუს დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის წინასწარი ნებართვის მიღება მოუწევთ. მათ ვალდებულება დაეკისრებათ, აცნობონ შესაბამის ეროვნულ ორგანოებს გადაადგილების გეგმის შესახებ — მათ შორის მარშრუტის, თარიღისა და ტრანსპორტის სახეობის მითითებით.

ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, აღნიშნული ზომა მიზნად ისახავს ბლოკის უსაფრთხოების გაძლიერებას, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ შესაძლო დივერსიული და სადაზვერვო აქტივობების პრევენციის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი წევრი ქვეყანა — მათ შორის უნგრეთი — თავდაპირველად სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ ინიციატივის მიმართ, საბოლოოდ შეთანხმება საერთო კონსენსუსით არის მიღწეული.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ შეზღუდვები ძალაში შევა სანქციების პაკეტის ოფიციალურად დამტკიცებისთანავე.

როგორც მედია აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ კრემლი აღნიშნულ ნაბიჯზე საპასუხო ზომებს გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები