“საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ერთ-ერთი ამოცანა ადამიანის მოკვლა იყო, როცა პოლიციელს თავს დაესხნენ, მძიმე ჭრილობა მიაყენეს” – ვოლსკი
“დიდი ხანი მიმდინარეობდა ბჭობა, მშვიდობიანი დამხობა რას ნიშნავდა, ხალხის შეკრებას და ტექნიკური მთავრობის შექმნას თუ ფიზიკურ დაპირისპირებას, 4 ოქტომბერმა აჩვენა, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობის მცდელობა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ განმარტა, ქვეყანა ძალიან მძიმე პროცესებს გადარჩა, რასაც შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა.
“საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ერთ-ერთი ამოცანა ადამიანის მოკვლა იყო, როცა პოლიციელს თავს დაესხნენ, მძიმე ჭრილობა მიაყენეს. ვფიქრობ, ეს სცენარის ერთ-ერთი ნაწილი იყო, თუმცა იმ მასშტაბით ვერ განხორციელდა, რასაც გეგმავდნენ. რა ჩაიშალა, რამ არ იმუშავებდა სცენარის რომელი კომპონენტი იყო მოუმზადებელი, ამაზე შესაბამისი სტრუქტურები ინფორმაციას მოგვაწვდიან. აშკარაა, რომ დაპირისპირების ბრუტალობა გაცილებით უფრო სერიოზულად იყო დაგეგმილი, ვიდრე ეს რეალობაში მოხდა. დანაშაული სახეზეა და საკმაოდ მძიმეა. გამოიკვეთა, რომ ნამდვილად არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ვითარების ესკალაციის მიზნით მუშაობდნენ, ეს იქნებოდა საწვავით შეიარაღება თუ კერძო საკუთრების განადგურება“, – განაცხადა ვოლსკიმ.