თინა ბოკუჩავა: რა თბილისს გამოვგლეჯთო, ერთი და ორი მანდატი რომ გამოგლიჯეს? – დროა, „ლელომ“ შეცდომა გააანალიზოს
,,რა თბილისს გამოვგლეჯთო, ერთი და ორი მანდატი რომ გამოგლიჯეს? წარმოუდგენელი ამორალურობაა, დროა, „ლელომ“ შეცდომა გააანალიზოს, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ამ სპეცოპერაციის თანამონაწილე გახდნენ”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის„ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ,,ლელომ” სიმართლეს თვალებში უნდა შეხედოს.
„გულწრფელობის დროა, აღარ არის ლიტონი სიტყვების და პოლიტიკური თამაშების, პოლიტიკური მიზანშეწონილობის დრო. რა თბილისს გამოვგლეჯთო, ერთი და ორი მანდატი რომ გამოგლიჯეს? წარმოუდგენელი ამორალურობაა. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება აქვს თუ არა მიღებული „ლელოს“, მაგრამ ჩემი მოწოდება არც სჭირდებათ, უბრალოდ სიმართლეს შეხედონ თვალებში, გვიან არასდროს არის, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გვიან არასდროს არის, რომ ადამიანმა შენი შეცდომა გაანალიზო, მათ შორის, პოლიტიკოსმა და, პირიქით, ამას ყოველთვის ძალიან დიდსულოვნებით და მიმღებლობით ხვდება ხოლმე საზოგადოება. ახლა მაინც გაანალიზონ და მიხვდნენ „ლელოს“ წარმომადგენლები, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ამ სპეცოპერაციის თანამონაწილე გახდნენ. ახლა მაინც თქვან, რომ უარს აცხადებენ ამ ღალატის მანდატებზე, ფარსში და ცირკში მონაწილეობაზე. ისევ მოვიდნენ რუსთაველზე და გაერთიანდნენ. შეიძლება, იქ ბრაზი და იმედგაცრუება დახვდეთ, მაგრამ შეიძლება, სხვასაც დახვდეს იმედგაცრუება და ბრაზი. უნდა რაღაცნაირად გამოვნახოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები, გავერთიანდეთ ყველა, ვინც გარეთ არის, ვინც ტყვეობაშია, რეალური ერთობა უნდა შევქმნათ, რეალური წინააღმდეგობის ფრონტი შევქმნათ საზოგადოებასთან, პოლიტპატიმრებთან ერთად, დემონსტრანტებთან და პროტესტებთან ერთად, მაშინ გარდაუვალია რეჟიმის დამხობა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.