“ვნახეთ ყველაზე ოდიოზური ფიგურა – მურთაზ ზოდელავა – სააკაშვილის პროკურორი წინ, ლიდერად გამოიყვანეს და ფარად ააფარეს ახალგაზრდები” – თინათინ ნიბლოშვილი
“ვნახეთ ყველაზე ოდიოზური ფიგურა – მურთაზ ზოდელავა – სააკაშვილის პროკურორი წინ, ლიდერად გამოიყვანეს და ფარად ააფარეს ახალგაზრდები. როგორც უნდა შევხედოთ ამ პროცესს, ყველა ვხვდებით, რომ ის არის მართული იმ ძალის მიერ, რომელსაც უნდა, რომ ეს ქვეყანა უბრალოდ დაღუპოს”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც 4 ოქტომბერს ოპოზიციამ დააანონსა, არ იყო ამომრჩევლის დაკვეთა.
„4 ოქტომბერს ეს ადამიანები გამოვიდნენ და დაიწყეს საუბარი ზუსტად იმ ადამიანების სახელით, რომლებიც იქ არ იდგნენ. ისინი გვხვდებოდნენ წინასაარჩევნო შეხვედრებზე და ჩვენ ვსაუბრობდით იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც დღეს დედაქალაქის წინაშე დგას. ოპოზიციამ დაიწყო საუბარი ზუსტად ამ ხალხის სახელით. არ ვიცი, რა შეიძლება ამ ყველაფერს დავარქვათ. წლიდან წლამდე ძალიან ბევრ რესურსს ვდებთ იმაში, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს და ამ ადამიანებს უბრალოდ ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ ცეცხლი წაუკიდონ. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, დღეს ახალგაზრდები ცეცხლს რომ უკიდებენ რაღაცას, ეს ხდება საამაყო. პოლიციელს რომ ცეცხლს წაუკიდებ, ინფრასტრუქტურას რომ დააზიანებ… გვახსოვს, შარშან თბილისში ახალდარგული ხეები ამოთხარეს რუსთაველის გამზირიდან და ბორდიურებიდან ქვები ამოყარეს, რომ ესროლათ სამართალდამცველებისთვის. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც შეიძლება მოსწონდეს ეს რეალობა და სურათი“, – განაცხადა ნიბლოშვილმა.