ირაკლი კობახიძე – „ლელოზე: პარტიამ პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის მცდელობას
ლოგიკურია, რომ „ლელოშიც“ არიან წევრები, რომლებსაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინფორმაციას, რომლის თანახმად „ლელოს“ რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა.
მისი თქმით, აღნიშნულმა პარტიამ პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის მცდელობას.
„ზოგადად, ამ პარტიებში არის რთული მდგომარეობა. საკუთარი ქმედებებით, საბოტაჟით მათ მიიყვანეს საკუთარი პარტიები ასეთ მდგომარეობამდე. არა თუ ადგილობრივი წარმომადგენლები, ლიდერებიც კი ტოვებენ პარტიას. ამის არაერთი მაგალითია „ლელოსა“ და გახარიას პარტიების შემთხვევაში და არავის უკვირს, რომ ადგილობრივი წარმომადგენლებიც ტოვებენ პარტიებს. მით უმეტეს, „ლელოს“ შემთხვევაში, იმ ფონზე, რომ პარტიამ პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის მცდელობას, რომელიც დააანონსა მათმა მეგობარმა პარტიამ, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობამ და მათთან ერთად იყვნენ კონკრეტული ექსტრემისტული დაჯგუფებები. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ „ლელოშიც“ არიან წევრები, რომლებსაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა და არ სურთ არეულობის მცდელობაში მონაწილეობაც კი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.