ირაკლი ჭეიშვილი – ოპოზიციაში თანხის დარიგებაზე ზეპირად საუბრობენ, თუ რაიმე კონკრეტული ვიდეო ფირი ან მტკიცებულება აქვთ, წარმოადგინონ და ასეთი ფაქტის გამოძიება დაიწყება

”ქართული ოცნების” ბათუმის საარჩევნო შტაბში განცხადება გაკეთდა. შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭეიშვილმა ბათუმში მიმდინარე საარჩევნო პროცესი შეაფასა.

ირაკლი ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციაში თანხის დარიგებაზე ზეპირად საუბრობენ, თუმცა ამ ფაქტების მტკიცებულება არ არსებობს. მისი თქმით, „ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს, რადგან ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება.

„ბათუმში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პროვოკაციულ შემთხვევას. ამ დროის მონაცემებით, ამომრჩევლის 20%-მდე ფიქსირდება, რაც მაღალ აქტივობას ნიშნავს. მაღალი აქტივობის შემთხვევაში მოგეხსენებათ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს.

ერთ-ერთმა აქტივისტმა ორჯერ სცადა ხმის მიცემა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბათუმში. პირველი შემთხვევის შემდეგ, მეორედ ის საარჩევნო უბანზე აღარ შეუშვეს. რეაგირება გააკეთა საარჩევნო უბნის კომისიამ. ეს ადამიანი იდენტიფიცირებულია და შესაბამისად, ფიქსირდება, რომ ეს არის ოპოზიციის აქტივისტი.

რაც შეეხება თანხის დარიგებას, ამაზე საუბრობენ ზეპირად.თუ რაიმე კონკრეტული ვიდეოფირი ან მტკიცებულება აქვთ, წარმოადგინონ და შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოძიება დაიწყება. ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსი ფაქტი არ არსებობს. ეს ყველაფერი ოპოზიციის მოგონილია”, – აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები