მამუკა მდინარაძე: ჩვენი ანალიტიკური სამსახური, პირობას ვაძლევ ყველას, რომ გაცილებით ძლიერი იქნება რამდენიმე თვის შემდეგ და კიდევ უფრო ძლიერი რამდენიმე წლის შემდეგ ისევე, როგორც მთელი ეს სამსახური
ჩვენი ანალიტიკური სამსახური, პირობას ვაძლევ ყველას, რომ გაცილებით ძლიერი იქნება რამდენიმე თვის შემდეგ და კიდევ უფრო ძლიერი რამდენიმე წლის შემდეგ, ისევე, როგორც მთელი ეს სამსახური, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე წელიწადში ეს სამსახური იქნება თვისებრივად განახლებული, ძველი და ახალი თანამშრომლებით.
„წინა დღეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა. ერთი ძალიან არასასიამოვნო შემთხვევა იყო, მაგალითად, გახსოვთ, რომ არასრულწლოვანი ბავშვები აღმოჩნდნენ საოკუპაციო ხაზს მიღმა, თუმცა, საბედნიეროდ ჩვენი თანამშრომლების სწორი კომუნიკაციით, სწორი მიდგომით და მათი პროფესიონალიზმით პოლიციურ ძალებთან ერთად და პოლიციის როლი იყო აქ უდიდესი, შეიძლება მეტიც კი, ვიდრე ჩვენი სამსახურის თანამშრომლების, ჩვენ ერთობლივად შევძელით, რომ პრაქტიკულად წუთებში ეს პრობლემა გადაჭრილიყო და აღმოფხვრილიყო. ბევრი არც გვიფიქრია. ერთ ფრაზიანი წინადადებაც გავავრცელეთ, რომ ბავშვები ჩვენთან და კარგად არიან. იქ არ იყო ბევრი ტექსტის გამზადების დრო, იმდენად ნერვიულობდა მთელი ქვეყანა და იმდენად, რომ იტყვიან წამებში იყო პრობლემა გადასაჭრელი. ასეთი თანმდევი პრობლემები ოკუპაციას სამწუხაროდ თან ახლავს. სწორი კომუნიკაცია, მშვიდობიანი მესიჯები კომუნიკაციის დონეზეც კი, სწორი ურთიერთობა საერთაშორისო ორგანოებთან მიუხედავად იმისა, რომ მათ ეფექტიანობაზე ბევრს ასეც, ისეც საუბრობენ, მაინც ჩვენ ამ ფორმატებს ბოლომდე ვინარჩუნებთ და თუკი რაიმე რესურსი ამ ფორმატებში არსებობს, ბოლომდე გამოვიყენებთ ამ რესურსსაც და დახვეწა იმ მეთოდების, რაც კი შეიძლება გადაჭრის გზებზე, გადაჭრის გზისკენ სვლის დროს მოგვეხმაროს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ეს თითოეული ნაბიჯი დეოკუპაციისკენ წავიდეს.
ეს ჩვენი სამსახურის ერთ-ერთი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენი ანალიტიკური სამსახური, პირობას ვაძლევ ყველას, რომ გაცილებით ძლიერი იქნება რამდენიმე თვის შემდეგ და კიდევ უფრო ძლიერი რამდენიმე წლის შემდეგ, ისევე, როგორც მთელი ეს სამსახური. აბსოლუტური გარანტია შეგიძლიათ მიიღოთ ჩემგან, რომ რამდენიმე წელიწადში ეს სამსახური იქნება თვისებრივად განახლებული, ძველი და ახალი თანამშრომლებით. ძველი პროფესიონალი თანამშრომლებით და ახალი სისხლიო, რომ ვეძახით ხოლმე, ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტებული, რომლებიც კიდევ უფრო გაიზრდიან კვალიფიკაციას. მათ შორის, ჩვენ ვაპირებთ, რომ საკმაოდ სერიოზული სასწავლო დაწესებულება გვქონდეს ჩვენი სამსახურის ბაზაზე. ესეც თვისებრივად განახლებული შემადგენლობით, ახალი ლექტორებით, თანამედროვე მიდგომებით, თანამედროვე სპეციფიკაციით, სამსახური თანამედროვე აღჭურვილობით და ჩვენ ამაზე უკვე დავიწყეთ ზრუნვა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, აბსოლუტურად ახალი ხედვებით, ახალი ენერგიით ეს სამსახური იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რგოლი არა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხში, არამედ სახელმწიფოებრიობის დაცვის საკითხში.
„შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა იმიტომ, რომ ეს ჩვენ უკვე ერთად, მე, ჩემს მეგობრებს, ჩვენს გუნდს, თანამშრომლებს, აქ ვინც დაგვხვდა, ზეპროფესიონალ ადამიანებს გეგმად გვაქვს დასახული, მიზნად გვაქვს დასახული და ამას აუცილებლად მივაღწევთ. წარმოუდგენელია ამის გარეშე სახელმწიფოს არსებობა და სახელმწიფოს სიძლიერე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.