მამუკა მდინარაძე: ნოემბრის თვეში ჩემი ვიზიტი იგეგმება აშშ-ში ჩვენ კოლეგებთან, სხვა ვიზიტებიც დაიგეგმება ბევრი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით გაემგზავრება.

როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ვიზიტი ნოემბერშია დაგეგმილი.

მან გადაცემაში სუს-ში დაგეგმილ რეფორმებსა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

წამყვანმა მას ჰკითხა: „რეფორმების შესახებ თქვენ თანამდებობის დაკავების პირველივე დღიდან განაცხადეთ. მე მახსენდება თქვენი ფრაზა, რომ ასე ვთქვათ პირად გამოწვევად აფასებთ იმას, რომ ქართული სპეცსამსახურები ისეთივე ძლიერი იყოს, როგორი ამბიციაც აქვს ჩვენს სახელმწიფოსო. რა თქმა უნდა, ყველა დეტალის შესახებ არ გკითხავთ, რა მიმართულებით განხორციელდება რეფორმები, მაგრამ რა პრინციპებს, რა კონცეფციას დაეფუძნება სამსახურის გაძლიერების საქმე?“.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას უსაფრთხოების სისტემა, რომლის ყველა რგოლი ერთმანეთთან შეთანხმებულად იმუშავებს.

„რამდენიმე დღის წინ ვიყავი აზერბაიჯანში, ბაქოში და თანამდებობაზე არჩევის პირველივე დღიდან მხვდა პატივი, რომ მსოფლიოს 95 ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს შევხვედროდი. ათამდე მათგანთან პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა, არა მოკლე პერიოდიანი. რამდენიმე საათიც კი მომიწია რამდენიმე მათგანთან ურთიერთობა. ახალი ველოსიპედის გამოგონებასაც, პირდაპირ გეტყვით, არ ვაპირებთ. უდიდესი გამოცდილება აქვთ სპეცსამსახურებს თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით ჩვენთვის ცნობილი ზოგიერთი ქვეყნის, არ დავიწყებ ახლა რომელი უფრო ძლიერია, რომელი უფრო სუსტია. ჩვენ ვაპირებთ, რომ სასწავლო კომპონენტზე რომ ვსაუბრობთ, იქიდან დაწყებული, დეოკუპაციის უპირატესი მიზნით დამთავრებული, ყველა საკითხთან დაკავშირებით პირველ რიგში გავიზიაროთ მათი გამოცდილება და შემდეგ ენთუზიაზმიც კი, პროფესიონალიზმი ჩვენი თანამშრომლების გამოვიყენოთ, რომ შევქმნათ არა თანამშრომლების ინდივიდუალურ პროფესიონალიზმსა და ენთუზიაზმზე დაფუძნებული ქართული სპეცსამსახური, არამედ შევქმნათ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, რომელიც აი, იმ ბოლო სიტყვის გამოწვევას მთლიანად უპასუხებს სწორად. სისტემა, რომელიც მუშაობს ყველა რგოლის შეთანხმებული მუშაობის შედეგად და შესაბამისი დაწერილი თუ დაუწერელი სწორი კანონისმიერი მეთოდებით. ეს არის, მათ შორის ვიზიტებიც დავგეგმეთ. იმდენი მიწვევა მივიღე და იმდენი მოვიწვიე აქეთ, რომ ამას თავიდანვე ვერ მოვასწრებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წამყვანის კითხვაზე თუ როგორ ვითარდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ბევრთან უკვე არსებობდა მსგავსი კავშირები.
მისი თქმით, იგეგმება მისი ვიზიტი აშშ-ში და შეხვედრები ამერიკელ კოლეგებთან.

„ბევრთან იყო თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაღრმავდება. მაგალითად ნოემბრის თვეში უკვე დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რაღაც დეტალები თანხმდება და ჩემი ვიზიტი იგეგმება ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ჩვენი კოლეგა სპეცსამსახურის და სხვა ვიზიტებიც დაიგეგმება ბევრი. გამოცდილებასაც გავიზიარებთ და ვიფიქრებთ, რომ თანაბარ პირობებში და ისე არა, რომ ქვევიდან ზევით ვუყუროთ ვინმეს ან ზევიდან ქვევით გვიყურონ. თანაბარ პირობებში ჩვენ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან და ამ თანამშრომლობაში იგულისხმება და ამას ხაზს გავუსვამ შეგნებულად, ორივე მხარის ინტერესების თანაბარი გაზიარება. როგორც პოლიტიკაში, აქაც იგივე პრინციპის დაცვას ვაპირებ აბსოლუტურად. ამ საკითხს სხვანაირად არ მივუბრუნდები არასდროს და არ გადაიხედება ეს მიდგომა. ყოველ შემთხვევაში სანამ მე ვიქნები აქ და არ მგონია, რომ მერე სხვამ სხვანაირად იფიქროს. ამაზე თანაბარი გათვალისწინება, სადაც ინტერესები ემთხვევა, თანამშრომლობა გამოდის უფრო მეტად და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით პირველ რიგში და პრიორიტეტულად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები