მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: ჩვენ უნიკალური ხალხი ვართ და საუკუნეების განმავლობაში გვიწევდა ბრძოლა ჩვენი ენის, კულტურის, ღირებულებებისა და იდენტობის შესანარჩუნებლად
ჩვენ უნიკალური ხალხი ვართ და საუკუნეების განმავლობაში გვიწევდა ბრძოლა ჩვენი ენის, კულტურის, ღირებულებებისა და იდენტობის შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა Responsible Statecraft-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი უმთავრესი მიზანია ამ კულტურის გაძლიერება და შენარჩუნება. ჩვენ ღია ვართ ევროკავშირისა და ნატოს მიმართ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ორმხრივ პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამის ნაცვლად, მათგან მხოლოდ ორმაგ სტანდარტებს, თვალთმაქცობასა და მტრულ დამოკიდებულებას ვხედავთ. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას მიზნად ვისახავთ საქართველოს გასაძლიერებლად და არა დასასუსტებლად“, – ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიის ავტორი, ეროვნულ იდენტობასა და ინტერესებზე აქცენტირებით, მიხეილ ყაველაშვილს ამერიკელ რესპუბლიკელებს ადარებს. ამასთან, სტატიაში წერია, რომ როგორც მთელი თავისი ვრცელი ისტორიის მანძილზე, საქართველო კვლავ საკუთარ რესურსებსა და იმის უნარზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ტურბულენტურ სამეზობლოში დაპირისპირებულ ძალებს შორის მანევრირებას.
„ეროვნულ იდენტობაზე, ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციულ ეროვნულ კულტურაზე აქცენტირებით, პრეზიდენტი ყაველაშვილი ძალიან ჰგავდა ბევრ ამერიკელ რესპუბლიკელსა და ევროპაში მზარდ მემარჯვენე პოპულისტურ მოძრაობებს (და, რა თქმა უნდა, უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს), რომლებიც უპირისპირდებიან იმას, რასაც ისინი ბრიუსელის დიქტატურად და ლიბერალური ელიტების მიერ კულტურული ცვლილებების ძალადობრივ და თავსმოხვეულ მცდელობად აღიქვამენ. „ქართული ოცნების“ მსგავსად, ყველა ეს მოძრაობა მასობრივი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად კულტურული ღირებულებების დაცვის ენას იყენებს. ამან შესაძლოა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიზანი, გარდაქმნას ევროკავშირი საქართველოს წარმოდგენის შესაბამისად, ბევრად ნაკლებ ექსტრავაგანტურ მისწრაფებად აქციოს, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. საფრანგეთის მომავალი „ეროვნული გაერთიანების“ მთავრობა, სავარაუდოდ, ბევრად უფრო თავისუფალი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, რაც უფრო ახლოსაა „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტ დე გოლის იდეებთან, ვიდრე დღევანდელი ევროკომისიისა და დასავლეთ ევროპის ისტებლიშმენტის იდეებთან. მისი თქმით, „ევროკავშირი არ არის მუზეუმი. ევროკავშირის შიგნით განწყობები იცვლება და ეს ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება“.
თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი ძალების მიერ დომინირებულმა ევროკავშირმა, შესაძლოა, უფრო ნაკლებად მოისურვოს შემდგომი გაფართოება. როგორც მთელი თავისი ვრცელი ისტორიის მანძილზე, საქართველო კვლავ საკუთარ რესურსებსა და იმის უნარზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ტურბულენტურ სამეზობლოში დაპირისპირებულ ძალებს შორის მანევრირებას“, – წერია გავლენიანი ამერიკული გამოცემის Responsible Statecraft-ის სტატიაში.