დავით თამაზაშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს დირექტორს ჯეიმ შაფელბარგერს და აშშ-ის ექსპორტ-კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველს კარენ ჩეისონს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს (INL) დირექტორს ჯეიმ შაფელბარგერს და აშშ-ის ექსპორტ-კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მრჩეველს კარენ ჩეისონს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, აშშ-ის საზღვაო მრჩეველი და (EXBS)-ის პროგრამების უფროსი კოორდინატორი ესწრებოდნენ.
“მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს უწყების პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,”- წერია ინფორმაციაში.