დათო კოდუა სოხუმის დაცემის დღეს: მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს
„ქართული ოცნების” წევრებმა სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში. ადგილზე მმართველი გუნდის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ. მდუმარე აქციაზე სანთლებით დააწერეს „მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს”.
დათო კოდუას განცხადებით, აფხაზეთი საქართველოს ისტორიული ნაწილია, კანონზომიერება აღდგება და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ.
„ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღიდან, სოხუმის დაცემიდან, 32 წელი გავიდა. 27 სექტემბერი ტრაგიკული თარიღია თითოეული ჩვენგანისთვის. მჯერა, ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს და ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. აუცილებლად ვიცხოვრებთ ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიან საქართველოში! ეს ისტორიული კანონზომიერებაა და მას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება!” – განაცხადა დათო კოდუამ.