„რეალიზმი და სიმბოლიზმი გიგო გაბაშვილის ხელოვნებაში“ – სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გამოფენას მასპინძლობს
25 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას – „რეალიზმი და სიმბოლიზმი გიგო გაბაშვილის ხელოვნებაში“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 50 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული მისი კოლექციიდან. ექსპოზიცია დამთვალიერებელს აძლევს იშვიათ შესაძლებლობას, აღმოაჩინოს იმ ოსტატის მხატვრული მემკვიდრეობა, რომლის ხედვამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ ხელოვნებას.
ქართული რეალისტური ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი გიგო გაბაშვილი (1862-1936) პროფესიულად განსწავლული ქართველი მხატვარია. მან მხოლოდ პორტრეტული ჟანრით შემოფარგლული ქართული დაზგური მხატვრობა მრავალი თემითა და ჟანრით გაამდიდრა. იგი გამორჩეული ხელოვანი იყო იმითაც, რომ ერთმანეთს უთავსებდა რეალიზმსა და სიმბოლიზმს – სრულიად განსხვავებულ ამ ორ მხატვრულ მიმდინარეობას. მის სიმბოლისტურ მემკვიდრეობაში აშკარად იკვეთება შემოქმედის ღრმა განსწავლულობა და ინტერესთა ფართო სპექტრი: მასში თავისებურად ასახულია ქართული მითოსები და ლეგენდები; ეთნოგრაფიული ტრადიციები და სიმბოლიკა.
გამოფენის თარიღი: 25.09 – 26.10.25
მისამართი: სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, შ. რუსთაველის ჩიხი N 8.