მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც დღეს გვაქვს, ესაა საძირკველი, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ბიზნეს ასოციაციის კონფერენციის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს.
მან ისაუბრა სტაბილური ფისკალური პოლიტიკის მნიშვნელობაზე ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისათვის.
„მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც დღეს გვაქვს, ესაა საძირკველი, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს მაღალი ეკონომიკური ზრდა. როგორც იცით, 4 წლის მანძილზე ჩვენ გვაქვს საშუალოდ 9%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სტაბილურობის მიღწევა შეძლო ისე, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა საგადასახადო პოლიტიკაში. საქართველო კვლავ რჩება დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნად. უნდა ითქვას, რომ ზოგმა ქვეყანამ სტაბილურობას მიაღწია საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებით – საგადასახადო ტვირთის ზრდით. საქართველომ ამ შემთხვევაში აირჩია სხვა სტრატეგია, რამაც ერთი მხრივ, უზრუნველყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, მეორე მხრივ საუკეთესო მაჩვენებლებზე შენარჩუნდა ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი. თუ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითს ფისკალური კონსოლიდაციისა და ეკონომიკური პარამეტრების გაჯანსაღების მიმართულებით, საქართველოს ჰქონდა მაკროეკონომიკური პარამეტრების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი დაბრუნება სამიზნე ნიშნულთან“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
საუბრისას, ფინანსთა მინისტრი, ასევე, შეეხო სახელმწიფოს მიერ გაწეულ კაპიტალურ დანახარჯებს, რამაც ასევე ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფისკალურ კონსოლიდაციასთან ერთად, სახელმწიფომ შეინარჩუნა კაპიტალური ხარჯების მაღალი დონე.
„სახელმწიფომ შეძლო ის, რომ განხორციელდა საკმაოდ სერიოზული ფისკალური კონსოლიდაცია და ამ პერიოდში, ხანგრძლივად შევინარჩუნეთ კაპიტალური დანახარჯები მშპ-ის 7-დან 8 პროცენტამდე, რაც, ასევე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. კაპიტალური დანახარჯები მოიცავს ინვესტიციებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საგზაო, წყლის მიწოდების სისტემები, ელექტრო გადამცემი ხაზები და სხვა. მომავალშიც, ჩვენი ფისკალური პოლიტიკა ორიენტირებული იქნება შეინარჩუნოს ფისკალური სტაბილურობა და მაქსიმალურად დააჩქაროს სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება. საბოლოოდ, ყველა ეს ფაქტორი უფრო მეტ სივრცეს ტოვებს კერძო სექტორის ინვესტირებისთვის, ვინაიდან სწორედ კერძო სექტორია მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ბიზნეს ასოციაციას საინტერესო დისკუსიის შესაძლებლობისთვის და აღნიშნა, რომ ამგვარი ტიპის შეხვედრების მიმართ ყოველთვის მზარდი ინტერესია, რაც მნიშვნელოვანია მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგისთვის.